"საქართველო ევროპაა" - ფართომასშტაბიან აქციამდე 4 საათი რჩება

11.11.24 15:19
"საქართველო ევროპაა" - ფართომასშტაბიან აქციამდე 4 საათი რჩება

"გავაგონოთ მსოფლიოს ჩვენი ხმა" - ფართომასშტაბიან პროტესტამდე 4 საათი რჩება. საკანონმდებლო ორგანოსთან სამზადისი ცოტა ხანში დაიწყება. გაიშლება სცენა და დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები.

ოპოზიცია მოქალაქეებს აქცია მისვლისკენ მოუწოდებს. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტი ახლა მნიშვნელოვანია, რათა  ევროპელმა პარტნიორებმაც საქართველოს მხარდასაჭერად კიდევ უფორ მეტი ძალისხმევა გაწიონ. 

გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა და ჩვენი მეგობრები არ ეგუებიან და არ შეეგუებიან იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება ძალადობდეს ჩვენს თანამოქალაქეებზე, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს, მაგრამ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ამ ქვეყნის ბედი. ამიტომ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მშვიდობიანი პროტესტი არის განსამზღვრელი, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე აქციაში ევროპული დელეგაციის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით,  ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა გრძელდება. 

ყველანაირ პროტესტს აქვს მნიშვნელობა. ის, რომ ჩვენი სტუმრები არიან ჩამოსულები, მათ შორის, ეს ხალხი არიან ის ხალხი, რომელიც წლების თუ არა ათწლეულების განმავლობაში მათი ნაწილი იყო საქართველოს მთავარი ლობისტი, რომ ქვეყანა დაახლოებოდა ევროკავშირს და ნატოს. და ის, რომ ისევ ესენი არიან ჩამოსულები და მიიღებენ მონაწილეობას, კარგია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში გრძელდება ბრძოლა და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ხალხი, უმრავლესობა, რომელმაც საკუთარი ნება 26 ოქტომბერს გამოხატეს და მოიგეს ეს არჩევნები, რომლებიც არ შეეგუებიან არჩევნების მოპარვას და გააგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.  

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დღევანდელ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს. 

ჩვენმა ახალგაზრდებმა განსაკუთრებით და ქართველმა ხალხმა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოპოვების დროსაც დაადასტურეს, რომ საქართველოს, ჩვენი ადგილი არის ევროპაში. დღეს გვაქვს კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა, რომ უშუალოდ წამყვან, ევროპელ ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და ევროპას ჩვენი ხმა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ამიტომ არის ძალიან მნიშნელოვანი ის, რომ დღეს ძალიან ბევრნი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, - ამბობს თინა ბოკუჩავა.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან დღეს აქცია დააანონსდა. უკვე ცნობილია, რომ აქციას შეუერთდება ევროკავშირის დელეგაციაც.  

მსგავსი სიახლეები