პრემიერი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობით ისევ იმუქრება
საქართველოს პრემიერი, რომლის პარტიამ ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.
არის გარკვეული მცდელობა, გარკვეული ადამიანები წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ეს ამ პოლიტიკური ძალების ხელწერაა. ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ ამ გადაწყვეტილებას" - თქვა კობახიძემ.
პრემიერი იმავე კომენტარში ამბობს, რომ ოპოზიციას, ამის რესურსიც არ აქვს და ძალიან მალე შევლენ პარლამენტში.
"მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან, შესაბამის ინსტრუქციებსაც მიიღებენ. საბოლოო ჯამში, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ისინი აღმოჩნდებიან პარლამენტში, სკამებზე"- განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერი იქვე ამბობს, რომ პარლამენტის პირველი შეკრება გაიმართება თვის ბოლომდე და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო უმრავლესობას მინიმუმ 113 დეპუტატი სჭირდება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 89 მანდატს მიიღებს.