რამდენიმე საათი ფართომასშტაბიან პროტესტამდე - ოპოზიციაში ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს
რამდენიმე საათი ფართომასშტაბიან პროტესტამდე - პროდასავლური ოპოზიციური პარტიების შტაბში, ამ წუთებში, ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს.
„საქართველო ევროპაა“- ამ სახელწოდების აქცია პარლამენტის შენობასთან ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. “პირველების“ ინფორმაციით, რუსთაველზე შეკრებილებს სიტყვით ევროპელი პოლიტიკოსები მიმართავენ. არ არის გამორიცხული აქციაზე მივიდეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ხალხის გამოსვლა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ახლა პროტესტის შეწყვეტა დაუშვებელია, რადგან ევროპელ მეგობრებს ყველამ უნდა აჩვენოს, რომ “არ ვუხრით ამ რუსებს თავს“.
ხალხის გამოსვლა მნიშვნელოვანია, პროტესტი არ უნდა შევწყვიტოთ, ვიცი, დავიღალეთ, ბევრი ჯუჯღუნებს, უფრო მეტი სხვა უნდა, მაგრამ ესაა ჩვენი ქევყნის სამსახური, ასე უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ევროპელებს, ვინც არის ახლა ჩამოსული, უნდათ რომ გარკვეული გამამხნევებლი სიტყვები წარმოთქვან, ხალხის თანდასწრებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, პირველი- ჩვენ არ ვუხრით ამ რუსებს თავს და მეორე, ვესალმებით ჩვენ ევროპელ მეგობრებს. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, რომ ვიცი, დამღლელია, მაგრამ უნდა გავიჭირვოთ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
აქციაზე მისვლის და ევროპელი პოლტიკოსების მოსმენისკენ მოუწოდებს საზოგადოებას “ერთიანობა- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ დღეს “ევროპელ მეგობრებს, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ.“
მოდით და მოუსმინეთ ჩვენ ევროპელ მეგობრებს, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ. ქართველი ხალხი არათუ უკან არ დაიხევს, არამედ ყოველთვის წინ წავალთ და მაქსიმალურად აქტიურები ვიქენბით. ამიტომ ყველას გთხოვთ, 7 საათზე, მობრძანდით“, - განაცხადა ვაშაძემ.