"ქართული ოცნების" დემარში ევროპელ მაღალჩინოსნებს - ივანიშვილის გუნდმა ევროკავშირის დელეგაციას შეხვედრის კარი არ გაუღო
არჩევნების გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა. გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების კომიტეტების ხელმძღვანელები საქართველოს იმის სათქმელად ესტუმრნენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ მთელი ევროკავშირი აყენებს. ევროკავშირი კი არალეგიტიმურ მთავრობასთან თანამშრომლობას ვერ შეძლებს.
ევროკავშირი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, შიდა გამოძიებას კი სრულ უნდობლობას უცხადებს. ახლა საინტერესოა, ვინ უნდა გამოიძიოს 26 ოქტომბრის გაყალბების მასშტაბური სქემა? ფინელი დეპუტატი იუკა კოპრა ამბობს, რომ ასეთი ბერკეტი ევროპულ საბჭოს, ეუთოს და ევროპარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას აქვს.
ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოში ვიზიტი პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს. დღეს სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია მმართველ ინსტიტუტებს შორის, ვინც ევროპელ პარტნიორებს ელაპარაკება და ვისი ნდობაც ყველაზე მეტად აქვთ.
"ქართულმა ოცნებამ" კი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაციას დემარში გამოუცხადა და შეხვედრის კარი არ გაუღო. ივანიშვილის გუნდის ნაბიჯი გამაოგნებელი აღმოჩნდა ევროპელი მაღალჩინოსნებისთვის, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ ეს საბჭოური ქმედება და დემოკრატიის სრული უარყოფაა.