"არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის

12.11.24 15:06
"არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ" - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიას ხსნის

"კოალიცია ცვლილებისთვის" პარლამენტში შესვლას არ აპირებს - განცხადება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გაერთიანების ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" სიის წევრებმა პირდაპირ ეთერში მოაწერეს ხელი განცხადებას, რომლითაც ისინი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობენ.

ნიკა გვარამიას თქმით, არჩევნები მოპარულია, პარლამენტი კი არალეგიტიმური: 

პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად მიგვაჩნია. 

კოალიციის სია იყო 82 კაციანი, დღეს ჩვენ აქ არ გვყავს ანა ქართლელიშვილი. იმ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იგი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია, არ არის ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელმოწერილი დოკუმენტი და ასევე, არ არის ჩვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თენგო თევზაძე, რომელიც სასამართლოში იკითხება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ყველა, ვინც ამ საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ განცხადების ბოლო აბზაცი წაიკითხა: "მოგმართავთ განცხადებით, "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, “დროა“, პარტიული სიის წევრი, არ გამატაროთ რეგისტრაციაში, როგორც არჩეული პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ“.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, განცხადება სამართლებრივად სრულიად გამართულია, თუმცა ნიკა გვარამია ამბობს, რომ მოსალოდნელია, რომ ცესკო-მ და საქართველოს პარლამენტმა უკანონო გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს.

რამდენჯერაც საჭირო იქნება ამ სიის 82-ივე წევრი ხელს მოაწერს უარს. ამ ეტაპზე ჩვენ სრულიად გამართულად ვაწერთ ხელს ამ განაცხადს, რითაც ვადასტურებთ იმას, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ პარლამენტში ჩვენი თანამონაწილეობა გამორიცხულია. ჩვენ მას ლეგიტიმაციას ვერ შევძენთ ჩვენი იქ ყოფნით"- დასძინა გვარამიამ. 

ცნობისთვის, კოალიცია "ცვლილებისთვის“ ცესკოში 82-კაციანი სია აქვს წარდგენილი.