პაპუაშვილი პარტნიორების ვიზიტს "იუდას ამბორს" უწოდებს
ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინდელ აქციაზე ევროკავშირის დელეგაციის წევრების სიტყვით გამოსვლებს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პარტნიორები ომის მშვიდობად, ხოლო ცალ ფეხზე დგომას თავისუფლებად წარმოჩენას ცდილობენ.
ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.
გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.
და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით, - წერს სოციალურ ქსელში პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. ისინი პრეზიდენტს, პროდასავლური ოპოზიციას, მესამე სექტორს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტნიორებს შეხვედრაზე უარი უთხრა "ქართულმა ოცნებამ", მმართველი პარტიი გენერალურმა მდივანმა კი მათ "უსაქმურები" უწოდა.
დღის ბოლოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.