კალაძე ამბობს, რომ პარტნიორები ქვეყნიდან "გასაპანღურებლები" იყვნენ
"ოცნების" გენერალური მდივანი ევროკავშირის დელეგაციის წევრების განცხადებებს, რომლებმაც მმართველი პარტია გააკრიტიკეს და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს, "სიბინძურეს" უწოდებს. კალაძე, ფაქტობრივად, ამბობს, რომ პარტნიორები ქვეყნიდან "გაპანღურებას" იმსახურებდნენ.
როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები არის წარსული. გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო. ვნახეთ ეს ყველაფერი, ის უბინძურესი განცხადებები და ქმედებები, რასაც ეს რამდენიმე ე.წ. პოლიტიკოსი აკეთებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვა ქვეყანაში, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში რომ მსგავსი ქმედება განეხორციელებინათ, იმ წამსვე გააპანღურებდნენ ქვეყნიდან. ზურგის ტვინს გრძნობს ქართველი ხალხი, არსებულ მოცემულობას, გამოწვევებს, საფრთხეებს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. ისინი პრეზიდენტს, პროდასავლური ოპოზიციას, მესამე სექტორს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტნიორებს შეხვედრაზე უარი უთხრა "ქართულმა ოცნებამ", მმართველი პარტიი გენერალურმა მდივანმა კი მათ "უსაქმურები" უწოდა.
დღის ბოლოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.