სად არის საარჩევნო აღჭურვილობა - ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნება გაყალბებულ არჩევნებს ასუფთავებს"
ცესკოს რაიონული საწყობები დაცლილია - ადგილზე მისულ "პირველებს" უდასტურებენ, რომ საარჩევნო აღჭურვილობა გუშინ გაიტანეს. ვერიფიკაციის მოწყობილობები და ელექტრონული საარჩევნო ურნები, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებს, ოპოზიციის ინფორმაციით, პროკურატურამ დალუქა და პრაქტიკულად დააყადაღეს.
გაირკვა, რომ ვერიფიკაციის მოწყობილობებისა და ხმის მთვლელი აპარატების სხვადასხვა საწყობიდან ერთ სივრცეში გადატანის პროცესი, ცესკომ ბოლო რამდენიმე დღეა, დაიწყო.
"პირველები" დღეს ჩუღურეთის რაიონში, 220-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო აღჭურვილობისთვის სივრცე იყო გამოყოფილი. ადგილზე "ტვ პირველის" კორესპონდენტს უთხრეს, რომ ვერიფიკაციის მოწყობილობებისა და ხმის მთვლელი აპარატები, ცესკოს თანამშრომლებმა გაიტანეს. იგივე თქვეს სამგორსა და ისნის რაიონში მდებარე საწყობებშიც.
იმყოფებოდნენ თუ არა კალანდარიშვილის უწყებასთან ერთად პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებმაც წესით ეს მოწყობილობები უნდა დალუქოს, ამაზე "პირველების" რესპონდენტები ამბობენ, რომ მათ ადგილზე სავარაუდოდ ცესკოს თანამშრომლები ნახეს.
ოპოზიცია, ბოლო რამდენიმე კვირაა, საარჩევნო კომისიისგან სიების გასაჯაროებას აქტიურად მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ კონკრეტულ განმარტებას, რატომ არ აქვს საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს უფლება გაიგოს, სად, როდის და რომელ საათზე მისცა ხმა.
ოპოზიცია თვლის, რომ ვერიფიკაციის აპარატების გახსნით, საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რა მანიპულაციით და სქემით მიითვისა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები.
ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში გამოკვეთილად ცესკო და პროკურატურა, ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, გუშინ, სასამართლოზე დავაყენეთ შუამდგომლობა, სასამართლოს საქმის განხილვის წარმოება შეეჩერებინა, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებდა.
როდესაც, იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც დალუქულია, სასამართლოსაც კი არ აქვს წვდომა, შეუძლებელია, სასამართლომ თქვას, რომ ობიექტური და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ჩაერთო და გააჩერა დოკუმენტაციაზე წვდომა ნებისმიერი უწყებისთვის.
ეს არის უბრალოდ, "ქართული ოცნების", თანამედროვე კომუნისტური პარტიის დიქტატურა, რომელშიც ჩათრეული ჰყავთ ყველა შტო"- აცხადებს "ერთიანობა ნაციონალყრი მოძრაობის" ლიდერი, თამარ კორძაია.
რატომ არ აძლევენ შესაძლებლობას ცერიფიკაციის აპარატებსა და მასში ჩატვირთული სიების შესახებ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბების საქმეზე, გამოძიება პროკურატურაშია დაწყებული და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ვერიფიკაციის აპარატები ახლა დალუქულია, შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერც ერთ მხარეს ვერ მისცემს წვდომას როგორც სიებზე, ასევე, აპარატებთან დაკავშირებით.