“ოცნების“ შეთანხმებული გეგმა საქართველოს რეგიონების ანექსიის გასაფორმებლად? - ექსპრემიერის სკანდალური განცხადება
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა აფხაზეთის დამოუკიდებლების აღიარება ფაქტობრივად დაიწყო და პროცესში საქართველოს და რუსეთის მთავრობები ერთმანეთთან შეთანხმებით მოქმედებენ. გიორგი გახარიასთვის ამ მძიმე ბრალდების საფუძველი არჩევნებიდან მალევე განვითარებული მოვლენებია - ანექსიური პროცესები აფხაზეთში და რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური გზავნილი. არცერთ მათგანზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ დრომდე არ გაგვიგია.
დარჩიაშვილის უწყებას პასუხი ლავროვის უწყებისთვის კვირაზე მეტია, არ გაუცია. 6 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლება ომთან დაკავშირებული გზავნილების გამო შეაქო და თქვა, რომ დროა ქვეყანამ ე.წ. საზღვრებიც აღიაროს. ამ განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ გამოქვეყნდა საგულისხმო ერთი ნაწილია - რუსეთი პირველად ახსენებს საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. გახარიას თქმით, კრემლი უკმაყოფილოა, რომ ამ მუხლის გასაუქმებლად ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ყოფილ პრემიერს ფაქტები აფიქრებინებს, რომ სწორედ ამ მიზნით ითხოვდა ამხელა მხარდაჭერას ივანიშვილი წინასაარჩევნოდ.