ბარამიძე: უკანონო პარლამენტი რომ ვერ შედგეს, ოპოზიციამ მანდატზე უარი პარლამენტის მიერ თავის წევრთა უფლებამოსილების ცნობამდე უნდა თქვას და არა ამის შემდეგ

15.11.24 10:18
ბარამიძე: უკანონო პარლამენტი რომ ვერ შედგეს, ოპოზიციამ მანდატზე უარი პარლამენტის მიერ თავის წევრთა უფლებამოსილების ცნობამდე უნდა თქვას და არა ამის შემდეგ

უკანონო პარლამენტი რომ ვერ შედგეს, როგორც „უფლებამოსილი“ საკანონმდებლო ორგანო, მაშინ უარი მანდატზე უნდა გაცხადდეს პარლამენტის მიერ თავის წევრთა უფლებამოსილების ცნობამდე და არა ამის შემდეგ - ამის შესხებ იურისტი სანდრო ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ბარამიძის თქმით, ასეთი უარი წერილობით უნდა იქნეს შეტანილი ცესკოშიც, საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, და პარლამენტშიც

ბარამიძე ამბობს, რომ, "ოცნება“ მაინც "შეასრულებს თავის უკანონო დანაპირებს და ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას, მაგრამ ამის გაკეთება მას მოუწევს უკანონოდ".

კიდევ ერთხელ მინდა მივუბრუნდე ოპოზიციური პარტიების მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ პარლამენტის წევრის მანდატზე უარის საკითხს. 

ამჯერად მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო მომენტზე, თუ როდის აქვს, პროცედურული თვალსაზრისით, აზრი უარის შესახებ განცხადების შეტანას. ზოგს მიაჩნია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უნდა მოხდეს.

მე არ ვეთანხმები არც ერთ და არც მეორე მოსაზრებას და მიმაჩნია, რომ თუ ოპოზიციურ პარტიებს დასახული აქვთ მიზანი, რომ ეს უკანონო პარლამენტი ვერ შედგეს, როგორც „უფლებამოსილი“ საკანონმდებლო ორგანო, მაშინ უარი მანდატზე უნდა გაცხადდეს პარლამენტის მიერ თავის წევრთა უფლებამოსილების ცნობამდე და არა ამის შემდეგ. ასეთი უარი წერილობით უნდა იქნეს შეტანილი ცესკოშიც, საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, და პარლამენტშიც, კონსტიტუციის 38-ე მუხლისა და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის,  მისი პირველი - თავისთავად უკანონო სხდომის გახსნის წინ.
საქმე ის არის, თუ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯამში 61 მანდატი ერგებათ, ამ მანდატებზე უარს პარლამენტის მიერ წევრთა უფლებამოსილების ცნობამდე განაცხადებენ, მაშინ პარლამენტი ვერ შეიძენს სრულ უფლებამოსილებას, რადგან არ იარსებებს პარლამენტის წევრთა 2/3, რომელიც არის კონსტიტუციით დადგენილი მინიმუმი პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შესაძენად. 

გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ მაინც შეასრულებს თავის უკანონო დანაპირებს და ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას მიუხედავად იმისა, რომ 61 არჩეულ წევრს მანდატზე უარი ექნება ნათქვამი, მაგრამ ამის გაკეთება მას მოუწევს უკანონოდ, რადგან კანონიერად ვერ ჩაითვლება ისეთი წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომელსაც არ სურს პარლამენტის წევრობა და ამის შესახებ წერილობით უარი აქვს ნათქვამი. როგორც ადრეც ვთქვი, ასეთი უარის უგულებელყოფა იქნება ნების თავისუფლების უარყოფა, ადამიანისთვის რაღაც სტატუსის ძალით, მისი ნებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ თავსმოხვევა.
 

ხოლო, თუ პარლამენტის წევრები, რომლებსაც არ სურთ პარლამენტის წევრობა, მანდატზე უარს მას შემდეგ განაცხადებენ, როდესაც პარლამენტს უკვე ექნება მათი უფლებამოსილება ცნობილი და ამის საფუძველზე თვითონაც უკვე შეძენილი ექნება „სრული უფლებამოსილება“, ამ უკანონო პარლამენტისთვის რაიმე იურიდიულ პრობლემას ასეთი მდგომარეობა ვერ წარმოშობს, რადგან უფლებამოსილების ცნობამდე უარის შესახებ განცხადების შეუტანლობა მიჩნეული იქნება, როგორც თანხმობა პარლამენტის წევრის სტატუსის შეძენაზე. (რა მნიშვნელობა აქვს რა განცხადებებს აკეთებენ ესა თუ ისე არჩეული დეპუტატები მედიაში, თუ უარი წერილობით არ ექნებათ პარლამენტისთვის წარდგენილი?) ასეთი დუმილით თანხმობის შემთხვევაში კი პარლამენტის მიერ ოპოზიციური დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ეჭვქვეშ ვერ დადგება. 

დაბოლოს, თუ 61 არჩეული დეპუტატის მიერ უარის წინასწარ, წერილობით თქმა პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენას იურიდიულად შეუძლებელს ხდის, უკვე „უფლებამოსილებაშეძენილი საკანონმდებლო ორგანოს“ მიერ 61 დეპუტატის მოსაკლისება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ 61 დეპუტატის პარლამენტიდან გასვლა პარლამენტის სრულ უფლებამოსილებას ვერ გააუქმებს. 

აკი ამბობს კიდეც მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით კობახიძე - ჩვენ ვცნობთ მათ უფლებამოსილებას და მერე რაც უნდათ ის უქნიათო. ამაში ის ნამდვილად გულწრფელია და, გაგიკვირდებათ, მაგრამ მართალიც.
ეს არის, ჩემი, როგორც ცალკე აღებული იურისტის მოსაზრება. ჩემი, ისევე, როგორც ყველა წესიერი მოქალაქის მიზანია, ახალი, ოღონდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ქვეყანაში დარღვეული კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა", - წერს ბარამიძე.