გეგმავს თუ არა ცესკო შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებას გასვლით სხდომაზე

15.11.24 15:36
გეგმავს თუ არა ცესკო შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებას გასვლით სხდომაზე

"პირველების" ინფორმაციით, ცესკო დასკვნითი სხდომის გამართვას, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნოს, ქალაქგარეთ გეგმავდა. ინფორმაციის გადაწმომებისას, კალანდარიშვილის უწყებაში "პირველებს" უთხრეს, რმო მსგავსი დადგენილება ნამდვილად არსებობს, თუმცა ამჯერად გასვლითი სხდომა არ იგეგმება. 

აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციისთვის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, ცესკო ხალხის პროტესტის თავიდან არიდებას ცდილობდეს. 

მოვიდა ინფორმაცია, რომ ცესკო აპირებს გასვლითი შეხვედრის ფარგლებში შედეგების შეჯამებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არც სასამართლო არსებობს ამ ქვეყანაში, არც ცესკო. ცესკოს აშკარად ეშინია ხალხის პროტესტის მიუხედავად იმ დიდი ჯებირებისა, რაც ააგო თავის შენობასთან. სადაც არ უნდა იყვნენ, საკუთარ სახელსა და გვარს როგორც მოღალატის, ვერავინ გაექცევა დაეს ყველამ უნდა იცოდეს. რა ტერიტორიაზეც არ უღალატებენ ქვეყანას, ღალატი დარჩება ღალატად,  - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი  ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ცესკოსგან გასვლითი სხდომის ჩანიშვნა გასაკვირი ნაბიჯი არ იქნება. მისი თქმით, ცხადია, რომ არჩევნების გამყალბებელ კალანდარიშვილის უწყებას ხალხის მობილიზაციის და პროტესტის ძალიან ეშინია. 

მე არ მიკვირს, რომ სადაც კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდნენ და სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, საერთოდ არ იქნება გასაკვირი, რომ ამ ბოლო აქტის გასაფორმებლად გადაწყვიტონ, რომ ფიზიკურადაც გავიდნენ ეპიცენტრიდან, რაც არის დედაქალაქი და შეეცადონ, მაქსიმალურად მიუდგომელ ადგილას გააფორმონ მიტაცებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. იმისთვის, რომ საზოგადოებამ ვერ შეძლოს მობილიზება და სათანადო პროტესტის დაფიქსირება, მაგრამ მინდა, ყველას ვუთხრა, რომ რამდენი ხნითაც არ უნდა გადაიმალონ, როგორი შორეული სასტუმრო თუ სხვა შენობაც არ უნდა შეარჩიონ, ამით ვერ გადაფარავენ უმძიმეს დანაშაულს - მიტაცებულ არჩევნებს და ამით არათუ ჩააცხრობენ საზოგადოებრივ პროტესტს, კიდევ უფრო გაამწვავებენ, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ამავე აზრს იზიარებენ გახარიას გუნდშიც.  

მათ ეშინიათ იმ ადამიანების პროტესტის, რომლებსაც მათი ჩართულობით ხმები მოპარეს. არჩევნები არ გაუყალბებია მარტო სუსს და არჩევნები არ გაუყალბებია „ოცნების“ ლიდერშიფს მხოლოდ და არ არის ეს ტვირთი მხოლოდ ივანიშვილის კისერზე. ეს არის კალანდარიშვილის კისერზე, გოგა ჯავახიშვილის კისერზე, ამიტომ, ბუნებრივია, ეს ადამიანები მოქალაქეების მხრიდან კრიტიკას გაურბიან, იმალებიან და ამით არის განპირობებული ეს გადაწყვეტილება თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ. მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერ გაექცევიან ვერც მოქალაქეების კრიტიკას, ვერც სამართლებრივ პასუხისმგებლობას, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.