"თქვენ იყავით ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და თქვენ იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ყველას" - პრეზიდენტი ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს ხვდება

15.11.24 19:55
"თქვენ იყავით ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და თქვენ იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ყველას" - პრეზიდენტი ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს შორის აუდიენცია იმართება - სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დამკვირვებლებისთვის მადლობის გადახდით გახსნა. 

ქვეყნის მთავარსარდალმა პოლიტიკურ პროცესებში "ჩემი ხმის", "სამართლიანი არჩევნების" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლების მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა ყურადღება. 

"თქვენ იყავით ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ყველას" - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ადგილზე შეკრებილ დამკვირვებლებს. 

მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის, რადგან რეალურად, თქვენ იყავით ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ყველას.

მე ვიტყოდი, რომ ახალი მტკიცებულებები არ არის საჭირო, რადგან ვიცით, ვნახეთ, დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული ამ არჩევნებზე და არ შედგა ეს არჩევნები. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანური, პირველადი მტკიცებულება, რაც ნახეთ და დაწერეთ, ან ვერ დაწერეთ და მეხსიერებაში შეინახეთ. ეს არის მნიშვნელოვანი.

ვინმე თუ გადახედავს დღევანდელ დარბაზს, დარწმუნდება იმაში, რომ ამდენი სხვადასხვა გამოცდილება არის ის, რაც საფუძველს უქმნის ყველა იმ მტკიცებულებებს, რაც ჩვენ პირველი დღიდან გვაქვს. თქვენ ხართ ის ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად არ წავლენ და დარჩებიან ყველაზე მთავარ მტკიცებულებად.

თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება. შედგება ახალი არჩევნები. როდის და როგორ ამას ვერ ვიტყვით ჩვენ, მაგრამ შედგება ახალი არჩევნები, რადგან ეს არჩევანი არ შედგა და ამას არავინ შეეგუება. თქვენი გამოცდილება, ხვალინდელი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ხვალინდელ არჩევნებში კიდევ უფრო კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს. გექნებათ გამოცდილება, გეცოდინებათ უფრო მეტად რას უნდა მიაქციოთ ყურადღება", - ამბობს პრეზიდენტი.