პრეზიდენტი: ვგმობ აფხაზეთის ანექსიისთვის რუსეთის მიერ გადადგმულ აჩქარებულ ნაბიჯებს

15.11.24 20:56
პრეზიდენტი: ვგმობ აფხაზეთის ანექსიისთვის რუსეთის მიერ გადადგმულ აჩქარებულ ნაბიჯებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისთვის რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კატეგორიულად გმობს. 

"რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე" - ამბობს ქვეყნის მთავარსარდალი.

სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას "ქართული ოცნების" პოლიტიკაზეც ამახვილებს და მედიასთან აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობა ვითომცდა დათმობებით" რუსეთს არათუ განზრახვას შეაცვლევინებს, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესს უფრო დააჩქარებს. 

მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის ვითომცდა დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ამით უფრო ააჩქარებ და ეს ჩანს ყოველდღიურად. ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა მათ სოლიდარობა გამოვხატო", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულის საქმე დაიხურა. 

"ოპოზიციის" წარმომადგენლების დაკავების შემდეგ, მოქალაქეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და კანონის უკან გაწვევსა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვნდენ. საბოლოოდ ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა უკან დაიხია. უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ბჟანიას დე ფაქტო მთავრობამ ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ე.წ. აპარტამენტების კანონს უკან გაიწვევენ.

მსგავსი სიახლეები