აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ - საოკუპაციო რეჟიმი უკან იხევს

15.11.24 17:25
აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ -  საოკუპაციო რეჟიმი უკან იხევს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი უკან იხევს - უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ბჟანიას დე ფაქტო მთავრობამ ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ე.წ. აპარტამენტების კანონს უკან გაიწვევენ.

ბჟანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის რატიფიცირების პარლამენტიდან გატანის შესახებ დოკუმენტს ამზადებს.

“ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს.

ამ წუთებში სოხუმში,  ე.წ. პარლამენტის  შენობა პარალიზებულია. დერეფნებში სამი ათასამდე მომიტინგე დგას, რომლებიც ბჟანიას გადადგომას და მორატორიუმს ითხოვენ.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის შენობის ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შეიჭრნენ.

იქამდე კი, ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტთან იყო სროლა. გარდა ამისა, "სამართალდამცველებმა" მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან საქმის საქმე დაიხურა.

12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა.