ოკუპირებულ აფხაზეთში, საპროტესტო აქციაზე სროლის ხმა ისმოდა
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტთან გამართულ აქციაზე სროლის ხმა გაისმა. დაშავებული არავინაა. მანამდე აქციის მონაწილეებთან გამოვიდა ასლან ბჟანიას პირადი დაცვის უფროსი და აქციის მონაწილეების მოთხოვნების გადაცემას დაჰპირდა.
შემთხვევის ადგილზე ასევე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი ან კვამლის ბომბები. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიჭრნენ. აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. მათ ასევე მოახერხეს სახანძრო მანქანის შეჩერება, რომლითაც ღობის ნაწილის დანგრევის შემდეგ შექმნილი გადასასვლელის გადაკეტვას აპირებდნენ.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ და ვიცე-სპიკერმა ასტამურ არშბამ პარლამენტის შენობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოდან დატოვეს.
საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან საქმის საქმე დაიხურა.
12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, “უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა.