ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ

29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით,  პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ

ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა - საუბარია გელა ისაშვილზე. 

დარეჯან სულაშვილი მსჯავრდებულთან, შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც იურისტი "პირველებს" ეუბნება, ისაშვილთან გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის უფლებას ციხის თანამშრომლები არ აძლევენ.

სულაშვილმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა და ის ამ წუთებში ელოდება ლაითურის ციხეში სამართალდამცავების მისვლას. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადვოკატები ამბობენ, რომ პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არ აძლევენ. 

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საიას ცნობით, პატიმართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.

რა თქვა გელა ისაშვილმა გიორგი დავითაძის საქმეზე?

კაცი ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა, სცემეს და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს. 

თავის მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სიცრუეა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა პატიმარ გელა ისაშვილზე იძალადეს.

“დეესკალაციის ოთახში ჩამიყვანეს, მთელი დღის განმავლობაში ბორკილი ბოლომდე მქონდა გაჭერილი, სისხლები მდიოდა“, - ამბობს ის. 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

  • 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს. 
  • უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც,  სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

 რა დაადგინა შაბათის ეთერმა?

  • TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
  • ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.