შშმ პირებს არჩევნების წინ, "ოცნების" ხალხმა პასპორტები წაართვა და ცემით დაემუქრა - ახალი ჟურნალისტური გამოძიება

16.11.24 21:07
შშმ პირებს არჩევნების წინ, "ოცნების" ხალხმა პასპორტები წაართვა და ცემით დაემუქრა - ახალი ჟურნალისტური გამოძიება

"შაბათის ეთერის" მორიგი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება -  შშმ პირებს არჩევნების წინ, "ქართული ოცნების" ხალხმა პასპორტები წაართვა. როგორც "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს აღნიშნული მოქალაქეები უყვებიან, ვინც პირადობის მოწმობის გადაცემაზე უარს ამბობდა, ცემით ემუქრებოდნენ. 

თამარ ცხომელიძე სამტრედიის რაიონის სოფელ გომში ცხოვრობს. ოჯახის ოთხივე წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გამაოგნებელი ამბავი, რომელსაც ქალი ჰყვება, მისივე თქმით, არჩევნების წინა დღეს, მისსავე სახლში მოხდა.

ნონა ნიკოლეიშვილი, ვისაც თამარ ცხომელიძე პირადობის მოწმობების გატაცებაში ადანაშაულებს, სოფლის რწმუნებულის ოფიციალური წარმომადგენელია. მოქალაქე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახმა პირადობის მოწმობების გადაცემაზე უარი უთხრეს, ქართული ოცნების ჩინოვნიკი მათ ცემით დაემუქრა. 

ეს ყველაფერი არ არის, "შაბათის ეთერმა" ხალხის დაშინების და მოსყიდვის, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვა. მაკა ჩიხლაძემ იპოვა და ჩაწერა პენსიონერები, რომელთაგანაც ხმა ერთი კვირის წამლის ფულად იყიდეს. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომ არჩევნების წინ, გაჭირვებული ხალხისთვის განკუთვნილი დახმარებების ფონდიდან გამგეობა, ერთჯერად სოციალურ დახმარებებს მათივე თანამშრომლების ოჯახის წევრებს ურიცხავდა. ასე მაგალითად, გამგეობის თანამშრომელია ირაკლი სააკაშვილი. მისი დედის, მარინა სააკაშვილის სახელზე კი, სოციალური დახმარება, 6 სექტემბერს ჩაირიცხა.

ირაკლი სააკაშვილი არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობაში დამკვირვებლებმა ამხილეს. 

თითქმის 1000 კაციანი სიის გადამოწმებისას, "ტვ პირველს" არ შეხვედრია არცერთი ადამიანი, რომელიც "ოცნების" მომხრე არ არის და დახმარება მაინც მიიღო. 

გამოძალვა არჩევნებზე - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი