ეს არის წინააღმდეგობის, ჩვენი ხმების დაცვის ეტაპი და ამისთვის, ჩვენ, ყველანი მზად ვართ - ლევან ცუცქირიძე
აქ ვართ, აქ ვიქნებით, ვიბრძოლებთ ერთად - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
პოლიტიკოსი ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
მისი თქმით, "ეს არის ბრძოლა პუტინიზმის წინააღმდეგ".
"რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ყველამ ვიცოდი, რომ ეს არ არის მთავრობა, რომელიც ნებით, დემოკრატიულად ჩაატარებდა სამართლიან არჩევნებს და მერე მის შედეგებს აღიარებდა. ამის მიუხედავად, ოპოზიციური კოალიციური პარტიები გავიდნენ არჩევნებზე და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად დაამარცხეს ეს მთავრობა არჩევნებზე. ბუნებრივია, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე რასაც ყველა ველოდებოდით, ახლა არის ეტაპი რომ ეს გამარჯვება დასაცავია, რადგან მთავრობა ცდილობს, მიითვისოს არჩევნები, მიითვისოს შედეგები, დაიწეროს ის, რაც მას უნდა და ცდილობს, წაგვართვას თავისუფალი არჩევანის უფლება. ახლა არის წინააღმდეგობის ეტაპი, ჩვენი ხმების დაცვის ეტაპი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ - აქ ვართ, აქ ვიქნებით და ვიბრძოლებთ ერთად"- განაცხადა მან.
რაც შეეხება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, "ამ დღეს, "ქართული ოცნება ბედნიერი არ იქნება".
თანმდევი პროცესი არის წინააღმდეგობა. ეს თარიღი „ქართული ოცნებისთვის” ძალიან მძიმედ დარჩება. ეს არ იქნება დღე, რომლითაც ისინი ბედნიერები იქნებიან. ეს არ იქნება დღე, რომლითაც ისინი შევლენ საქართველოს ისტორიის საუკეთესო მხარეს. ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ სამართლებრივ, არაძალადობრივ წინააღმდეგობის ფორმას და ამ საშუალებებით იმ შედეგს მივაღწევთ, რომ საქართველოში არ დამარცხდება თავისუფლება. გაიმარჯვებს თავისუფლება, დემოკრატია. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, ამ ქვეყანას ვინ უნდა ედგეს სათავეში, ისიც ძალიან ცოტა ხნით. ამ ქვეყნის ბედს არ წყვეტს არავინ - არც ბიძინა ივანიშვილი, არც პუტინი და არც არავინ. ამ ქვეყნის ბედს წყვეტენ მოქალაქეები და ამისთვის ვიბრძვით ჩვენ აქ“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
დედაქალაქი პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა - თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქცია უკვე დაიწყო, გაიშალა კარვები.
ოპოზიციის ინფორმაციით, შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა.
დემონტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.