ივანიშვილი მზად არის, კობახიძე გადააყენოს - რა შესთავაზა ოლიგარქმა ოპოზიციას
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია სკანდალურ განცხადებას აკეთებს - როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მზად არის, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენოს, თუ პროდასავლური ოპოზიცია მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში შევა.
"ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს, რომ მას მოუწევს ახალი არჩევნების ჩატარება. ვერავითარი 25 ნოემბერი, ვერავითარი ახალი მთავრობა, ვერაფერი მსგავსი „ქართულ ოცნებას“ ვერ გადაარჩენს, თუ არადა ბატონ კობახიძეს მოვუყვებით როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, (ამ შემთხვევაში არამხოლოდ ჩვენი პარტია), რაღაცნაირად ისაუბრებს და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ახლა კობახიძემ სანამ არ მობეზრდება იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები.
რა თქმა უნდა "ქართულ ოცნებასთან" არავითარი მოლაპარაკება არ იქნება, მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე, ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი მოლაპარაკება"- განაცხადა გვარამიამ.
"ცვლილებებისთვის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილს "ტვ პირველის" ეთერიდან ეუბნება, რომ ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს, ეს ხელახალი არჩევნები და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა:
ეს არის ივანიშვილის ტექსტი და აქედან ღიად ვუთვლი მას: არავითარი საუბარი მასთან არ იქნება. ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს, ეს არის ხელახალი არჩევნები. კობახიძე ჩვენთვის არ წარმოადგენს არაფერს, იგი არარაობაა, რომელ კაბინეტშიც არ უნდა იმყოფებოდეს"- დასძინა გვარამიამ.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი "ტვ პირველთან" აზუსტებს, იმასაც, რომ ივანიშვილისგან სიგნალი ოპოზიციამ შუამავლის მეშვეობით მიიღო. მისივე განცხადებით, სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან.
ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა ამ სიგნალების გაცვლა. ჩვენ გვყავს წარმომადგენლები და ასევე მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები. შესაბამისად მოხდა კონკრეტული ინფორმაციის გაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ იფიგურირებდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკუსში"- უთხრა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველს".
კითხვაზე, რაზე უნდა დალაპარაკებოდა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ პარტიებს, გვარამიამ ანუნა ახალაიას უპასუხა, რომ „ნებისმიერ რამეზე, რაც შეიძლება მისაღები ყოფილიყო.“
ოპოზიციის ლიდერი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ივანიშვილთან ხელახალი არჩევნების ჩანიშვნისა და ძალაუფლების გადაბარების გარდა სხვა თემაზე საუბარი ნულის ტოლია.