ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

18.11.24 10:06
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

26 ოქტომბრის არჩევნები და საქართველოში არსებული ვითარება - საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებს.

„საბჭო 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოსაზრებებს გაცვლის“, – აღნიშნულია საბჭოს დღის წესრიგში.

საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

საბჭოს სამსჯელო საკითხებს შორისაა ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ევროკავშირის და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში.