უსკოსთან პოლიციის მობილიზებაა - მოქალაქეები შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას აპროტესტებენ
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობა ბოლო რამდენიმე საათია პოლიციის ალყაშია. მთელ პერიმეტრზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას უკავშირდება.
უსკოს თავმჯდომარე დღეს სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. იშველიებდა საასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელმაც ვერსად შეამჩნია თეთრ ფურცლებზე გამოჟონილი შავი წერტილები. აღსანიშნავია, რომ წლების წინ პარმენ ჯალაღანია სასამართლო ხელისუფლების ბოსებს თავადაც აკრიტიკებდა.
ჯალაღანია ამტკიცებს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწორედ შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერა იყო.
ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, მიეღო, ამ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს, იყო ამ ოქმზე ხელის მოწერა.
კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის განვმარტავ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს. უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის ყველა ამომრჩეველი, ყველა პოლიტიკური სუბიექტი და ყველა მოქალაქე არის არჩევნებში ამომრჩეველი, - თქვა ჯალაღანიამ სხდომის შემდეგ.
უსკოს სხდომის დასრულების მიუხედავად, შენობასთან მოქალაქეები მაინც რჩებიან. ისინი პარმენ ჯალაღანიას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
წაიკითხეს ის ოქმი, რომელიც დაიწერა „ქართული ოცნების“ რომელიღაც ოთახში და ასე მონურად, ასე უსირცხვილოდ აიღეს და, სხვათა შორის, ერთი რამ, რაც შესამჩნევი იყო, კითხულობდა სახე ალეწილი, დაწითლებული, რადგან შინაგანადაც ხვდებოდა, თუ რა სამარცხვინო ოქმზე მოაწერა ამ ადამიანმა ხელი, - ამბობს პროტესტის მონაწილე.