"წაგვართვეს არჩევანის თავისუფლება" - რუსთაველზე შეკრებილებს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიმართეს
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ სიტყვით საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა სახეებმა მიმართეს. გამომცემლები, მწერლები და ფსიქოლოგები თანამოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ახლა დანებების დრო არ არის, რადგან "ოცნებამ" მათ მთავარი - არჩევანის თავისუფლება წაართვა.
პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რა ხდება ახლა ჩვენს თავს. სადაც ადამიანებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება. ზედმეტია ლაპარაკი დემოკრატიაზე. ეს არის იზოლაცია. ჩვენ ისევ აღმოვჩნდებით რკინის ფარდის მიღმა. ეს არ არის უცხო ჩვენი თაობის ადამიანებისთვის, თუმცა იმ თაობისთვის, რომელიც ახლა აქტიურად იბრძვის, ეს იქნება ძალიან დიდი შოკი. ჩვენ ყველანი აქ უნდა დავდგეთ ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების და მოსაზრებების მიუხედავად, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა, - ამბობს მაია ცირამუა.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ არ სურთ, რომ საქართველოს ისტორია გადაიწეროს.
ვარ რედაქტორი ისტორიის სახელმძღვანელოების. მე წინააღმდეგი ვარ, რომ ისტორია გადაიწეროს ისე, როგორც ამის გადაწერას ცდილობს და აპირებს „ქართული ოცნება“. ამიტომ, მე არ მინდა, გავხდე გამომცემელი, რომელიც ამას შეეგუება და მინდა, რომ დარჩეს ის ისტორია, რომელიც ნამდვილი ისტორიაა, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეებმა პირდაპირ თქვეს, რომ ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია ოლიგარქს აქვს უზურპირებული, რაც დაუშვებელია.
1989 წლის 9 აპრილსაც გარეთ ვიყავი, იქიდან მოვდივარ. მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე, პრაქტიკულად, ბრძოლაში. ყველაფერს ხაზი გადაუსვა „ქართულმა ოცნებამ“ და იმდენად ტრაგიკულია ეს პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ საუბედუროდ, 2012 წელს მათ მივეცი ხმა. ყველაფრის უზურპირება, არ გვაქვს არც სასამართლო, არ გვაქვს დამოუკიდებელი პროკურატურა. არ გავქვს დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემა, არ გვყავს აღმასრულებელი ხელისუფლება, ყველა კარი არის დახშული დღეს და ჩვენ, უბრალოდ, არ გავქვს უფლება, რომ ვისხდეთ სახლში, - ამბობს მოქალაქე.