რა წერილი მისწერა ოპოზიციამ ევროკავშირს ( სრული დოკუმენტი)

18.11.24 15:17
რა წერილი მისწერა ოპოზიციამ ევროკავშირს ( სრული დოკუმენტი)

4 პროდასავლური ოპოზიციური პარტია – კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, ენმ და გახარია საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობილივი წერილით მიმართავს. 

წერილში საუბარია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე, თუ როგორ მიიღო ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ, ჯამში, ხმების 52% -ი , თუმცა “ოცნებამ“ შედეგები გააყალბა.

ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ევროკავშირს, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

დოკუმენტს სრულად გთავაზობთ: 

თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მოახლოებული დისკუსიის გათვალისწინებით, გვსურს, გაგიზიაროთ პროევროპული ოპოზიციური პარტიების პოზიცია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. წინასწარი შედეგებისა და დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე, ეს ოთხი პოლიტიკური სუბიექტი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, ჯამში მიიღებდა ხალხის ხმათა 52%-ს.    

საქართველო გაერთიანებულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო ჩვენი საერთო მისწრაფებაა, ჩვენი ქვეყანა, ერთიანი და თავისუფალი, დავაბრუნოთ ევროპაში. 26 ოქტომბრის არჩევნებმა ჩვენს ევროპულ მომავალს გადაულახავი დაბრკოლება შეუქმნა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინაპირობებში ასახულ ფუნდამენტურ პრინციპებს.

საარჩევნო გაყალბებისა და მანიპულაციების მასშტაბები უპრეცედენტო იყო. Edison Research-ისა და HarrisX-ის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ეგზიტპოლი,  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (Transparency International) სარწმუნო ანგარიშები და სტატისტიკური ანალიზი ცხადყოფს  არჩევნებში უზარმაზარ ჩარევას: 
●    საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დოკუმენტირებულია კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 120,000-ზე მეტი შემთხვევა
●    15,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც პირის იდენტიფიცირება არასწორად მოხდა
●    ამომრჩეველთა სიების ანალიზმა გამოავლინა პირადობის პოტენციური ქურდობის დაახლოებით 50,000 შემთხვევა
●    საარჩევნო კომისიის წევრების 82%-ს მმართველ პარტიასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა
●    2,500-ზე მეტი მიუკერძოებელ დამკვირვებელს სისტემური  დაბრკოლება შეექმნათ საარჩევნო უბნებზე
●    საარჩევნო უბნების 60%-ში უნებართვო ვიდეო თვალთვალი ხორციელდებოდა, რაც პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს.

ეს არჩევნები არ წარმოადგენდა უბრალოდ ბრძოლას ადგილობრივი ძალაუფლებისთვის; იგი ჩატარდა რუსული ტაქტიკით და ხელყო საქართველოს დემოკრატიული ნება. ამ ტაქტიკით ჩატარდა ბელორუსის 2020 წლის და რუსეთის ბოლო არჩევნებიც. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები შეაფასა, როგორც „რუსული სპეცოპერაცია“. იგი არ ცნობს არჩევნებს ლეგიტიმურად და უარს ამბობს, მოიწვიოს პარლამენტის პირველი სხდომა. ეს ქმნის უპრეცედენტო საკონსტიტუციო კრიზისს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი პარლამენტის პირველი სესიის პრეზიდენტის მოწვევას მოითხოვს. მმართველი პარტია სხდომის მოწვევას მისი თანხმობის გარეშე გეგმავს და  სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ახალი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით იმუქრება. 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილება რამდენიმე კვირაში იწურება. საყოველთაო არჩევნები არ ჩატარდება - საქართველოს ახალ პრეზიდენტს პარლამენტი და ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენლები აირჩევენ. ეს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის დოკუმენტირებული ბიზნეს-ინტერესები რუსეთში 1 მილიარდ დოლარს აღემატება, მისცემს შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი შეცვალოს მისდამი ლოიალურად განწყობილი პირით და უკანასკნელ დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტსაც დაეპატრონოს.   

მმართველი პარტიის მიერ სასამართლო სისტემის სრული კონტროლი კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც სასამართლომ ბოლო დღეებში არჩევნებთან დაკავშირებული 847 საჩივარი არ დააკმაყოფილა. თითოეული საქმის განხილვის საშუალო დრო მხოლოდ 12 წუთი იყო. 

პროევროპული, დემოკრატიული პარტიები უარს ამბობენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებაზე და პარლამენტში შესვლაზე. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კობახიძე უკვე დაიმუქრა ჩვენი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. „უცხოური აგენტების“ კანონის სრულ ამუშავებასთან ერთად, რომელიც ასახავს 2012 წლის რუსულ კანონს და გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების 300-ზე მეტ ორგანიზაციაზე, შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური  და ეკონომიკური მდგომარეობის ძალიან მკვეთრი გაუარესების მოწმენი გავხდეთ. 

საქართველო მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის პირქუში პერსპექტივის წინაშე დგას. ამან შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი მასობრივი ემიგრაცია, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში - ქვეყნიდან, რომელმაც უკვე დაკარგა 250 000 მოქალაქე (მოსახლეობის 6.7%) ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მომავალი კითხვის ქვეშ დგას, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, განსაკუთრებით კი ევროკავშირისგან, გადამწყვეტი ქმედებაა საჭირო. ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.  ჩვენ, საქართველოს ოპოზიცია, მივესალმეთ ამას იმ რწმენით, რომ ჩვენი ხალხი იმსახურებდა ამ შანსს და ეს გაზრდიდა ევროკავშირის ბერკეტს მმართველ პარტიაზე. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიყენოს ეს ბერკეტი ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ამ გაყალბებულ არჩევნებს არ შეიძლება, დაესვას ევროკავშირის თანხმობის ბეჭედი. ეს საქართველოში არჩევნებს მრავალი წლის განმავლობაში დაუკარგავს აზრს. საქართველო იქნება კიდევ ერთი საარჩევნო ავტოკრატია, სადაც არჩევნები ვერ ცვლის არსებულ პოლიტიკურ სტატუს კვოს. 

არსებობს რამდენიმე მყისიერი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს შეუძლია გადადგას რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მართულ მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამ არჩევნების დამოუკიდებელ გამოძიებაზე:


1.    მომდევნო 30 დღის განმავლობაში, დაინიცირდეს შეფასების/ფაქტების დამდგენი მისია ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რათა 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევა შეფასდეს.  ევროკავშირის არჩევნების შემდგომმა მისიამ (EFM), რომელიც  OSCE/ODIHR-თან კოორდინაციაში იმუშავებს, უნდა:

●    ჩაატაროს საარჩევნო გაყალბების ყოვლისმომცველი გამოძიება,
●    შეფასოს საარჩევნო ინსტიტუტების კეთილსინდისიერება 
და 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასება უნდა დადოს.


2.    მოუწოდეთ საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო შეფასებამდე არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა. მკაფიოდ განმარტეთ, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ არჩევნებს, როგორც თავისუფალსა და სამართლიანს. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს პარლამენტის ლეგიტიმურობის შესახებ.


3.    გაკეთდეს მკაფიო განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საპარლამენტო არჩევნების გამო.


4.    ევროკავშირის დონეზე არსებული ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერება მოქმედ მთავრობასთან, ვიდრე ისინი არ დაეთანხმებიან საერთაშორისო გამოძიებას, მათ შორის:

▪    ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება
▪    მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება
▪    ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა  

5. მთავრობისთვის ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება გამოძიების შედეგების დადგომამდე. ჩვენ გთავაზობთ:

●    დამხმარე ფინანსური რესურსის გადამისამართებას საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის  
●    სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმების ჩამოყალიბებას
●    საგანგებო ფონდის შექმნას ზეწოლის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის
●    დემოკრატიული მდგრადობისა და კეთილსინდისიერი არჩევნების ხელშემწყობი პროგრამების მხარდაჭერას.

ჩვენი საბოლოო მოთხოვნა ცალსახაა: ჩატარდეს ახალი არჩევნები 2025 წელს გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციით და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით. ამასთან, ევროკავშირის შესაძლო მყისიერ რეაქციად, და როგორც ამ მიზნისკენ გადადგმულ შუალედურ ნაბიჯად, საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის სწორ გზად გვესახება თქვენი მკაფიო მოწოდება არჩევნების საერთაშორისო შეფასების უზრუნველსაყოფად და ყოველგვარი მთავრობათაშორისი ურთიერთობის შეჩერება. 

საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ მედიასა და ქართველ ხალხს - ყველას თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს ინ დროს, როდესაც მთელი ერი თავისი დემოკრატიის გადასარჩენადაა მომართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.