სახალხო პარლამენტის იდეა - ძლიერი საქართველოს ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

18.11.24 16:06
სახალხო პარლამენტის იდეა - ძლიერი საქართველოს ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

 

 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ამ წუთებში ათონელის რეზდენციაში საქართველოს პრეზიდენტს ხვდებიან.

მამუკა ხაზარაძე და ბაფრი ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილს "სახალხო პარლამენტის" იდეას გააცნობენ. 

როგორც ხაზარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შესვლამდე განაცხადა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

პროტესტი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას უნდა გაგრძელდეს. ეს არის მნიშვნელოვანი, სანამ არ მივაღწევთ იმ ხმების დაბრუნებას, ახალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც ასე მზაკვრულად და სისტემურად, რუსული სცენარით მოიპარა „ქართულმა ოცნებამ“.

პირველი - ამ ერთიანობაში ყველა ვართ ერთი: ამომრჩეველი, ოპოზიციური კოალიციები, პრეზიდენტი, რომელმაც არ გამოაცხადა ლეგიტიმურად ეს პარლამენტი და ა.შ. მეორე - თქვენ იცით, რომ არჩეულია ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტაცია, რომელმაც მოიგო არჩევნები, შესაბამისად, გარდა გარეთ ქუჩაში, შენობებში პროტესტისა, ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცე, სადაც დავანახებთ ჩვენს ამომრჩეველს და საზოგადოებას, რომ შეგვიძლია ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა და რაც ყველაზე მთავარია, ლეგალურად, მშვიდობიანად ახალი არჩევნების მიღწევა. ამისთვის საჭიროა არჩეული ოპოზიციური დეპუტატების ერთად შეკრება და სწორედ აქ ვიწვეთ ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან გაუწიოს ამ გაერთიანებას [ლიდერობა]. სახელი პირობითია „სახალხო პარლამენტი“ იქნება თუ ნებისმიერ სხვა, ეს უკვე ერთობლივადაა გადასაწყვეტი.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ამ თავყრილობამ, ორგანიზაციამ, „სახალხო საბჭომ“ თუ „ალტერნატიულმა პარლამენტმა“, არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს დააკომპლექტებინოს სპეციალური ჯგუფი, დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება და ჩვენს პარტნიორებს წარუდგენს არჩეული ოპოზიციური პარტიების და ჩვენი ამომრჩევლების ხმას იმ გაყალბების შესახებ, იმ მიტაცებული არჩევნების შესახებ. თქვენ დღეს ყველამ მოისმინეთ“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე „სახალხო პარლამენტის“ შექმნის ინიციატივით გუშინ გამოვიდა.  კოლიციის ლიდერმა ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. ხუთი პუნქტიდან ერთ-ერთი „სახალხო პარლამენტის“ შექმნას ითვალისწინებს.