პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა - ზურაბიშვილი საგანგებო განცხადებისთვის ემზადება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ კოალიცია "ძლიერი საქართველოს", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. ყველა მათგანი ამბობს, რომ მთავარ სათქმელს პრეზიდენტი ბრიფინგზე იტყვის, რომელიც დღეს არის ჩანიშნული.
უცნობია, შეხვდება თუ არა პრეზიდენტი პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებს. საკითხზე კომენტარები ამ დრომდე არ გაკეთებულა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საზოგადოებასთან ერთად ეძებს გზებს კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს.
ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტს, რომ ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში. მისი როლი, მისი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან არაღიარების საქმეში გადამწყვეტია. ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში, მუდმივ კონსულტაციებში. არაფერი კონკრეტული დეტალური სიახლე, სათქმელი ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორი: ჩვენი პარტნიორები, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ვართ მუდმივად კოორდინაციაში, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს კრიზისი. ვეძებთ ამ კრიზისიდან გამოსავალს.
დღეს პრეზიდენტი, საკუთარ ბრიფინგზე, ალბათ ყველაზე კარგად შეძლებს საკუთარი სათქმელი თქვას, ამიტომ მე ამაზე არ ვისაუბრებ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი როგორც ქვეყნის გარეთ, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს ჩვენს პარტნიორებთან. ამდენი ხანია ეს არჩევნები პრაქტიკულად არ არის აღიარებული, მისი დიდი დამსახურებაა, იმ ფაქტებთან ერთად, რაც ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენცია უკვე დატოვეს "ერთობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა. სალომე ზურაბიშვილს სოფო ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
კოლეგების მსგავსად, ოპოზიციის ლიდერები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ რა საკითხები განიხილეს სალომე ზურაბიშვილთან და რის თქმას აპირებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.