პრეზიდენტი: განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა

18.11.24 20:06
პრეზიდენტი: განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა

განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა - ამის შესახბ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვა. 

მისი თქმით, ამ არჩევნებს არც ცივილიზებული სამყარო, არც ოპოზიცია არ აღიარებს. 

მოვისმინეთ ერთი არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ ახლა მე უნდა წარმოგიდგინოთ ჩემივე შეჯამება არჩევნების შედეგების, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი,  რაზეც ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია.

ჩემი შემაჯამებელი შეფასება, ამ შედეგების არის შემდეგი: დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ყველა სამართლის პრინციპით გარანტირებული მთავარი უფლებები - ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი.  ყველამ ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა  ფართო გავრცელებულ  და სისტემურ გაყალბების სქემებს. დაირღვა არჩევნების უმნიშვნელოვანესი უფლება, რაც არის რომ საჩივრები სამართლიანად და დამოუკიდებელი  სასამართლოს მიერ იყოს გამოძიებული.  არჩევნებს  არ აღიარებს პრეზიდენტი, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, საზოგადოების დიდი ნაწილი, არ აღიარებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები. 

გავიდა უკვე სამი კვირა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები. ხაზს უსვამენ დარღვევას და განიხილავენ ზეწოლის ზომებს. განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები  არ შედგა"- თქვა ზურაბიშვილმა.