პრეზიდენტის გეგმა: "ახალი არჩევნები, ახალი ცესკო, სპეციალური სასამართლო"
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ ლიდერებს ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს.
სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად და ხელახალი არჩევნების გარკვეული დათქმებით ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
- პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაინიშნოს, რაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დაკომპლექტდება ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, შეიცვლება საარჩევნო კოდექსი და გამარტივდება საზღვარგარეთ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.
ზურაბიშვილი იქვე ამბობს, რომ სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვა დამოუკიდებელი საბჭოს მხრიდან უნდა იყოს განხილული.
სალომე ზურაბიშვილის გეგმა ასეთია:
- ახალი არჩევნები - არჩევნები როცა არ შედგა, აუცილებელია განმეორდეს უმოკლეს ვადაში ახალი არჩევები. ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი - საერთაშორისო გამოძიებაა, არა იმისთვის რომ პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, საჭიროა იმისთვის, რომ გაარკვიოს და დაამტკიცოს ის ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გვინდა რომ მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები. საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი ცესკოს დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ასევე საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ამ ახალ ინსტანციაში სასურველია რომ უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართული.
- 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რადგან არჩევნები არ შედგა, არ შეიძლება შედგეს პარლამენტი, მთავრობა და არც პრეზიდენტის არჩევნები;
ვინ რას აკეთებს პრეზიდენტის გეგმით ამ შემთხვევაში:
- "ცხადია, საზოგადოებამ უნდა გაგრძელოს მისი შეუგუებლობა და პროტესტი. მინდა მივესალმო ადამიანებს, რომლებიც ამ საღამოს არიან ქუჩაში, მინდა მივესალმო სტუდენტებს, ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან ის პროგრესის ძალა, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა თავის მომავლისკენ და მინდა გითხრათ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება, იმიტომ, რომ ეს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ამ გეგმის" - ამბობს ზურაბიშვილი
უწყვეტი დიალოგი ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან:
- პოლიტიკურ პარტიებს შევხვდი და ვხვდები კიდევ, ვაგრძელებ კონსულტაციებს მათთან, რომ გავაგებინო, ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია და მგონი, ეს კარგად ესმით, რომ სხვა ვარიანტები არ არსებობს და უნდა ვიყოთ ამაში ერთიანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში შემჭიდროვებულები.
- საერთაშორისო პარტნიორებთან პრაქტიკულად ყოველდღიურად სხვადასხვა ლიდერთან მაქვს ამ თემებზე საუბარი. მათი მხრიდან არის ძალიან დიდი მოლოდინი, იმის, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხრათ, რომ გაყალბდა არჩევნები, რაც საკმაოდ კარგად ესმის, არამედ როცა გაყალბდა არჩევნები მოთხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველთვის არის მოიძიოს რაღაც გზა, რომლითაც გადაწყდეს კრიზისი ქვეყანაში. არავის არ აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს, ამდენად, მე მგონი რომ ასეთი გეგმა მათთვისაც და რაც გავიგე პირველივე საუბრებიდან, ეს გეგმა მათთვისაც მისაღებია.
პრეზიდენტის რჩევა "ქართულ ოცნებას":
- ვურჩევდი "ქართულ ოცნებას", რომ დაფიქრდნენ კარგად, ამ რაღაც თამაშს, რომ მე გავხსნი პარლამენტს ახალს, დავნიშნავ მთავრობას და რაღაც, ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. გარდა თუ შენ მართლა მიდიხარ სხვაგან. სტაბილურობა, კრიზისის გადაჭრა და იყოს გასული პარლამენტი, 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მივიდეთ მშვიდობიანად ახალ არჩევნებამდე. მე მგონი რომ უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა ეს დავუტოვო საფიქრელად“, -დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.