შემდეგი გაჩერება სტრასბურგი - გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაუქმებლად კიდევ ერთი ახალი სასამართლო დავა იწყება
გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაუქმებლად კიდევ ერთი ახალი სასამართლო დავა იწყება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
მას შემდეგ, რაც გიორგი კალანდარიშვილმა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება ოფიციალურად გაუფორმა, საია ქართულ სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ ბოლო სარჩელით შედის და ევროსასამართლოსთვის ემზადება.
როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება? - "შაბათის" ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა არჩევნების მიტაცებისა და ამომრჩევლის ნების კონტროლის ახალი მტკიცებულებები მოიპოვა, სადაც ჩანს, თუ როგორ წაართვა შშმ პირებს არჩევნების წინ "ქართულმა ოცნებამ" პასპორტები.
სოფელ გომში მცხოვრები თამარ ცხომელიძის ინტერვიუ სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შშმ პირებს საჯარო მოხელეებმა პირადობის მოწმობების დათმობა აიძულეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.