არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის 30-მა წევრმა წარადგინა - კორძაია
საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის 30-მა წევრმა წარადგინა. განცხადებას ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ავრცელებს. მისივე ცნობით, სარჩელი ერთი თვის ვადაში უნდა იქნას განხილული.
ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ კობახიძის მიერ 25-26 ნოემბერს დაანონსებული პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციური იქნება.
დღეს, საქართველოს პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერით გაიგზავნა საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს პარლამენტის 30-მა წევრმა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი წარმოებაში და ერთი თვის ვადაში განიხილონ კონსტიტუციურად ცნობის საკითხი.
მეორეს მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება, სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25 ან 26- ნოემბერში იქნება არაკონსტიტუციური, – განაცხადა თამარ კორძაიამ.