კიდევ ერთი ტესტი საკონსტიტუციოს - პრეზიდენტმა არჩევნების გაყალბების საქმეზე სარჩელი შეიტანა
საქართველოს პრეზიდენტმა გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაუქმებლად სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო. მთავარი მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნაა. სალომე ზურაბიშვილის სარჩელი ეკა ბესელიამ სასამართლოს უკვე ჩააბარა და თქვა, რომ მოსამართლეთა კოლეგიას ახლა კონსტიტუციურ უფლებებზე მსჯელობა მოუწევს. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა არჩევნების ფარულობის და საყოველთაობის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დარღვევაც, წესით, ახალი არჩევნების საფუძველია.
პრეზიდენტმა მოსამართლეთა კოლეგიის პოლიტიზების ხარისხი საკუთარ თავზეც გამოსცადა, ამიტომ ობიექტურ გადაწყვეტილებას ნაკლებად ან თითქმის არ მოელის. თუმცა, სარჩელი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებასთან ერთად დროის მოგების შესაძლებლობაცაა. შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულმა განხილვამ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი გადაწიოს, რადგან დეპუტატების პირველი შეკრება შეუძლებელია მაშინ, როცა ჩატარებული არჩევნები გასაჩივრებულია. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეებმა დაბრკოლებების შესამცირებლად სარჩელი დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში განიხილონ.
ვიდრე მოსამართლეთა კოლეგია სარჩელს წარმოებაში მიიღებს, განიხილავს და დასკვნას დაწერს, კახა კალაძემ შედეგი უკვე იცის. შესაძლოა, დედაქალაქის მერი პროცედურულ თუ სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა, მაგრამ მისი ეს თავდაჯერება კიდევ უფრო მეტად ამყარებს განცდას, რომ სასამართლო ისე მოიქცევა, როგორც მის პოლიტიკურ გუნდს უნდა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.