აქციის მონაწილის ემოციური სიტყვა: რა გჭირდებათ, რომ სამშობლოს სიყვარული ჩვენსავით იგრძნოთ, მეტი რაღა მოგაშველოთ...

20.11.24 11:12
აქციის მონაწილის ემოციური სიტყვა: რა გჭირდებათ, რომ სამშობლოს სიყვარული ჩვენსავით იგრძნოთ, მეტი რაღა მოგაშველოთ...

 

 

ეს არ არის ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ გვინდა - ამის შესახებ მელიქიშვილის გამზირზე მყოფმა აქციის მონაწილემ "ტვ პირველის" ეთერში მას შემდეგ ისაუბრა, რაც გომელაურის დანაყოფმა გამზირის ტერიტორია დატოვა. 

ჩვენთვის გამარჯვება იქნება ის, თუ ეს ხალხი გაიაზრებს რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთსულოვნებას და ჩვენს მხარეს დადგებიან იმ ქუჩის პირისპირ და არა ჩვენი სახის წინ - თქვა მშვიდობიანი აქციის მონაწილემ. 

მოქალაქემ ახალგაზრდებსაც მიმართა და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა: 

აქ ვართ სულ ერთი და იგივე სახეები, სამი დღე და სამი ღამე ერთმანეთთან გვაქვს გასწორებული, ჩვენ არსად წასვლას ვაპირებთ, უბრალოდ დაგვემატეთ. ჩვენ აქ თქვენს გამოც ვართ, ვზრუნავთ, ვღელავთ თქვენზე. თქვენი მომავლისთვის ვიბრძვით, გვინდა ეს ღელვა, ზრუნვა, ბრძოლა, თქვენი მხრიდანაც მივიღოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ეს ქუჩა ბოლომდე შეივსება"- თქვა მან. 

მისივე განცხადებით, ოლიგარქ ივანიშვილს "ყურები აქვს დაცობილი". "ივანიშვილი ფულის იქით ვეღარ იყურება"- აღნიშნა მშვიდობიანი აქციის მონაწილემ.

ადამიანი ძალაუფლებას როცა გრძნობ, მეტი და მეტი გინდება, სულ რომ თოხის ტარიდან დაიწყო, გავიწყდება და ახალ მწვერვალზე გადასვლაზე ფიქრობ და ის უკან დარჩენილი  თოხმომარჯვებული ხალხი აღარ გაინტერესებს. ვეღარ ხედავ, აღარ გესმის მათი.  ამ კაცს (ბიძინა ივანიშვილს) ეს ხალხი, ვინც ჩვენ წინ დგას (პოლიციელები) ნაყიდი ჰყავს. გაორმაგებული ხელფასები, ხალხის ცემაში აღებული ბონუსები. შვილებს რანაირად აჭმევენ მართლა არ მესმის?! 

საქართველოს ამდენი წელი იმისთვის არ უარსებია, რომ საბოლოოდ აქ დავმარცხებულიყავით. ქუდზე კაცი გამოდიოდა და სახლში თბილად არავინ დამჯდარა. ცოდვაა ეს ქვეყანა დასაკარგად! ძალიან ცოდვაა ეს ქვეყანა იმისთვის, რომ ჩაიკარგოს. ჩრდილოელი ყოველთვის თავისკენ გვექაჩებოდა. სანამ ერთი ადამიანი მაინც აზროვნებს ნორმალურად,  სანამ ერთი ადამიანი მაინც იდგება აქ, არ ვიტყვი რომ ჩვენ დავმარცხდით! ვიცი რომ საქართველოს დასასრული ახლოს არ არის! მაგრამ რაც უფრო მალე გავიქრობთ შიშს მით უკეთესი ჩვენთვის. გამოდით ხალხო, გვჭირდებით! ცოდოა ეს ქვეყანა დასაკარგად. როგორ ინდა ახლა ცეცხლი ხომ გვაქვს გულებში, როგორ მინდა ამის ამორება და ამათ გულებში ჩადება შევძლო. სანამდე ერთი ადამიანი აქ იდგება, მანამდე მე არ ვიფიქრებ რომ დავმარცხდი. რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ამ სამშობლოს სიყვარული ჩვენსავით იგრძნოთ, მეტი რაღა მოგაშველოთ? თვალები გაქვთ გაყინული". - განაცხადა ატირებულმა აქციის მონაწილემ.