საქართველოში დემოკრატია დასრულებულია და ის წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი ხდება - მიხელსონი
დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი, - ასე უყურებს ბრიუსელი საქართველოში განვითარებულ პროცესებს. ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სახელმწიფოს მიტაცებას ცდილობს, რაც რუსეთის იდეებით და პოზიციებით არის მხარდაჭერილი.
მიხელსონი "ოცნებას" აფრთხილებს, რომ თუკი არჩევნების შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს და პარლამენტის სხდომას გამართავს, საქართველოს გზა ევროკავსირისკენ დასრულდება.
სამწუხაროდ, ეს არ იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, რომ ამ არჩევნების შედეგები ასეთი დრამატული იქნებოდა. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე გავხდით მოწმენი თანდათანობით მმართველი პარტიის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმწიფოს მიტაცების, რაც პირდაპირ არის მხარდაჭერილი იდეებითა და პოზიციებით რუსეთიდან. ეს სიურპრიზი არ იყო, მაგრამ ბევრი ქართველისთვის „ქართული ოცნება“ რუსულ ოცნებას უდრის. სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი. რატომაა ჩვენგან ასეთი მაღალი ინტერესი? იმიტომ, რომ საქართველო კვლავ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მსურს, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს ამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შემდეგ კი პარლამენტი ქართველი ხალხის ნების მოსმენის გარეშე შეიკრიბება, მაშინ საქართველოსთვის ეს გზა ევროკავშირისკენ ნამდვილად დასრულებულია. ამ ეტაპზე მე სხვა შედეგს ვერ ვხედავ. ჩვენ ვნახეთ კენჭისყრის დღეს მასობრივი ფალსიფიკაციის უამრავი შემთხვევა და შედეგების შეცვლის მცდელობა. სასამართლოები საქართველოში არაა დამოუკიდებელი და ისინი მეტწილად არ აკმაყოფილებენ საჩივრებს დამოუკიდებელი დამკვირვებლების სასარგებლოდ. დიახ, საქართველოში წასვლამდეც ამ ფაქტზე დაყრდნობით, რაც დამკვირვებლებისგან ვიცოდით, ვამბობდით, რომ საჭიროა არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება, რომ დამტკიცდეს, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, - ამბობს მიხელსონი.