მიხელსონი: ,,ოცნების'' განცხადებები, თითქოს ყველაფერი რიგზეა და საქართველო EU-ს წევრი გახდება - სიცრუეა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი ,,ოცნების'' ხელისფულებას აფრთხილებს, რომ თუ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს განაგრძობს, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ ესტონელმა მაღალჩინოსანმა ,,ამერიკის ხმასთან'' ინტერვიუში ისაუბრა.
მიხელსონი სიცრუეს უწუდებს ივანიშვილის იმ განცხადებებსაც, თითქოს ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემები არ არსებობს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე მუშაობს.
თუკი საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას პასუხობ, ეს არ შეიძლება, საქართველოს საქმეებში ჩარევად შეაფასო. უბრალოდ, სასაცილოა ასეთი განცხადებების მოსმენა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს გვაჩვენებს, რომ ამ პოლიტიკოსებმა მართლაც არ იციან, რას ნიშნავს დემოკრატიული პროცესები და ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები. არ მგონია, ახლო მომავალში რაიმე კარგი ცვლილებები ვიხილოთ, რადგან ისე ჩანს, რომ მმართველი პარტია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ხალხის დემონსტრაციებს, რომლებიც ლამის ყოველდღე იმართება. ჩემი აზრით, ისინი შეეცდებიან ამ გაყალბებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, როცა თავის ხალხს ეუბნებიან, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი იქნება, რომ ყველაფერი რიგზეა, არანაირი პრობლემა არაა და ევროკავშირისთვის მისაღებია ის, თუ რა ხდება საქართველოში, ეს სრული სიცრუეა. ევროკავშირის გზავნილი ძალიან მკაფიო უნდა იყოს საქართველოს მთავრობისთვის. საქართველო ასეთი ტიპის მმართველობის ქვეშ და არადემოკრატიული პროცესებით ევროკავშირის წევრად მიღებული ვერ იქნება. პროცესი უნდა გაჩერდეს და ასევე სერიოზულად უნდა ვისაუბროთ იმ შესაძლებლობაზე, რომ შევცვალოთ თავისუფალი სავიზო რეჟიმი და შესაძლოა, ჩვენს ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტებიც ავამოქმედოთ, მათ შორის, ინდივიდუალური სანქციებიც კონკრეტული პერსონებისთვის. მნიშნელოვანია, რომ ევროკავშირი არ გაჩუმდება. თუკი ვინმეს თბილისში არასწორად ესმის და ფიქრობს, რომ ევროკავშირი ძველებურ ურთიერთობას დაუბრუნდება, იცოდეთ, რომ ეს არ მოხდება, სანამ ამ არჩევნების შედეგები არ გაუქმდება და ხალხის ნება არ იქნება შესმენილი, - ამბობს მიხელსონი.