"თსუ საბჭოთა ციხედ გადააქციეს" - ანა დოლიძე სტუდენტებთან არ შეუშვეს

20.11.24 17:30
"თსუ საბჭოთა ციხედ გადააქციეს" - ანა დოლიძე სტუდენტებთან არ შეუშვეს

სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მისული კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ შეუშვეს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე შესვლასა და ახალგაზრდებთან გასაუბრებას ითხოვდა, თუმცა დაცვამ ამის საშუალება არ მისცა. 

მომხდარი ფაქტის შემდეგ, ანა დოლიძემ კომენტარი "პირველებთან" გააკეთა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბჭოთა ციხეს შეადარა - "ფაქტია, რომ თსუ-შიც მოსახდენია დეოკუპაცია".

პირადობით ვარ მოსული. არაფერი არ მაქვს. მაქვს ყავა, ნამცხვარი. წესდების რა პუნქტით არის ეს დაუშვებელი. წესდებით ეს არის განათლების კერა. მე პოლიტიკოსის გარდა, ვარ პროფესორი. დისკრიმინაციაა. სამარცხვინოა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი გადაქცეულია საბჭოთა ციხედ. ზუსტად ისევე კონტროლდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვინ შევა, როგორც ციხეში. ამანათები დამატოვებინეს გარეთ. ციხეში ჰყავთ ეს ახალგაზრდები? ყველა ევროპული უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც არის დებატი, კამათი, თავისუფლების ადგილია. ეს არის საბჭოთა ციხე. სოლიდარობის გამოსახატავად მივედი მე. ჩვენ ვიბრძვით დეოკუპაციისთვის, გასაბჭოებისთვის. ფაქტია, რომ თსუ-შიც მოსახდენია დეოკუპაცია", - ამბობს ანა დოლიძე. 

ჯაბა სამუშიამ თსუ-ში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. შენობაში მედიის წარმომადგენლებს გადაადგილება აეკრძალათ. ტერიტორიაზე არ უშვებდნენ არც იმ სტუდენტებს, ვინც დაანონსებულ საჯარო ლექციაზე დასასწრებად მივიდა. 

შეგახსენებთ, ლექცია სახელმწოდებით "სახელმწიფო და დაუმორჩილებლობა" თსუ-ში დღეს ჩატარდა. დაპირების მიუხედავად, ჯაბა სამუშია საჯარო ლექციაზე არ მივიდა და სტუდენტებს არ შეხვდა. ახალგაზრდებს სურდათ, უნივერსიტეტის რექტორისთვის კითხვები პირისპირ, მედიასთან ერთად დაესვათ.

ახლა სტუდენტები ჯაბა სამუშიასთან შეხვედრის მიზანს ვეღარ ხედავენ და უწინდებურად მის გადადგომას ითხოვენ.