უცხოეთიდან დაბრუნებული თინა ბოკუჩავა კოლეგებს პარტნიორების განწყობებს აცნობს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა გრძელდება - როგორც უცხოეთიდან დაბრუნებულმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ აუდიენციის დაწყებამდე განაცხადა, კოლეგებს იმ განწყობებს გაუზიარებს, რომელიც პარტნიორებს საქართველოსთან მიმართებით გააჩნია.
ამასთან, თინა ბოკუჩავას შეფასებით, არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად ოპოზიციის საერთო პოზიციის შემუშავებაა მნიშვნელოვანი, რაც ასევე, ამ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება.
უპირველეს ყოვლისა, მე კოლეგებს მინდა გავუზიარო იმ ორ-დღიანი ვიზიტის შესახებ, რომელიც მქონდა ბრიუსელში, სადაც ჩატარდა მინისტერიალი კონკრეტულად საქართველოზე და ევროპარლამენტში დებატები. ბუნებრივია, არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად ჩვენს ევროპელ პარტნიორებში აუცილებელია ის, რომ საქართველოში ვაჩვენოთ ერთიანობა, შეუგუებლობა, პროტესტი. ამისთვის ოპოზიციის საერთო პოზიციის შემუშავებაა საჭირო", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ლიდერები ''ძლიერი საქართველოს'' ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი.
სავარაუდოა, რომ თბილისში საპროტესტო ტალღის ახალი კერები გაჩნდეს და ევროპული მომავლის დამცველებმა ხელახალი არჩევნების დანიშვნა სხვადასხვა ლოკაციიდან მოითხოვონ.