კრისტიან დანიელსონი თბილისში დაბრუნდება - პეტრას აუსტრევიჩიუსი

19.03.21 17:30
კრისტიან დანიელსონი თბილისში დაბრუნდება - პეტრას აუსტრევიჩიუსი

პეტრას აუსტრევიჩიუსი, რომელიც შარლ მიშელს უნდა ხლებოდა საქართველოში, ბრიუსელიდან ჩაერთო ტვ პირველის ჟურნალისტს, დიანა ტრაპაიძეს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დასავლეთის პოზიცია გაახმოვანა. დიპლომატი მიიჩნევს, ევროპას დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენას გამონახავდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.

იმედგაცრუებული ვარ 7 დღიანი მოლაპარაკების ასეთი შედეგით, ევროპა უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ საქართველო გაარღვევდა პოლიტიკურ კრიზისს, ევროკავშირი აპირებს დამატებითი ნაბიჯები გადადგას. ველოდებით, რომ დანიელსონი თბილსში დაბრუნდება - ამბობს აუსტრეჩივიუსი.

პეტრას აუსტრევიჩიუსი აანონსებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვლავ ჩამოვა და მოლაპარაკებებს გაგრძელებს, ვინაიდან მისი მისია მიღწეული არ არის.

დანიელსონი საქართველოში კვლავ ჩამოვა, რადგან მისი მისია არ დასრულებულა. ჩვენ ველოდებით დანიელსონის ინფორმაციებს და ვიზიტი მისი გაანალიზების შემდეგ შედგება. შეიძლება, პოლიტიკური ლიდერებისთვის საქართველოში მიმდინარე ეს პროცესი მომგებიანია, მაგრამ ხალხისთვის ეს საზიანოა - აცხადებს პეტრას აუსტრეჩივიუსი.

ევროპელი დიპლომატი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ქმედებებს ეფექტურად არ მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილი ქვეყნის არაფორმარული მმართველის მხრიდან იმართება. პეტრას აუსტრევიჩიუსი ფიქრობს, რომ არაეფექტურმა პრემიერმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ევროპის დედაქალაქებში ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ივანიშვილი კი გადადგა, მაგრამ არაფორმალურ მმართველად რჩება.  მას დიდი გავლენა აქვს მმართველ პარტიაზე. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს არა მმართველ პარტიას, ან ივანიშვილს, არამედ ქართველ ხალხს, ძლიერი მანდატი აკისრია, თუ მას არ შეუძლია წინ მოძრაობა, უნდა გადადგეს, მან უნდა აუხსნას ხალხს, რომ წინსვლა არ შეუძლია. - აღნიშნავს პეტრას აუსტრევიჩიუსი.

ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროპა მხარს უჭერს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარების იდეას. თუმცა ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში იმყოფებიან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს.

თუ პლებისციტი ჩატარდება ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ეს შეიძლება იყოს პოზიტიური შეთანხმება. ოპოზიციური ლიდერების ციხეში გამოკეტვა და ამ დროს ოპოზიციისგან დათმობებზე წასვლის მოთხოვნა, არ შეიძლება. უმჯობესია, ისინი იყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ციხეში - აცხადებს ევროპელი დიპლომატი.