შანსი არ არის დაკმაყოფილდეს - მდინარაძე ამბობს, რომ წინასწარ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო

21.11.24 15:40
შანსი არ არის დაკმაყოფილდეს - მდინარაძე ამბობს, რომ წინასწარ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს  საკონსტიტუციო

"ქართულმა ოცნებამ" წინასწარ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ჯერ პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელები არ განხილულა, თუმცა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ მათ სასამართლო არ დააკმაყოფლებას.

წინასწარ ვიცი ზუსტად, კი ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ ეშინიათ ხოლმე ვიღაცებს, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. რატომ ვიცი წინასწარ, რატომ ვსაუბრობ იცით, საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს ზუსტად ვიცი, და თუ სუბიექტურად დაადგენს და შეაშინებთ და დააშანტაჟებთ, სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვანაირი გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ", - განაცხადა მდინარაძემ. 

 მეტიც, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირწმუნება, რომ სასამართლომ განხილვა ორშაბათამდეც რომ ვერ მოასწროს,  პრეზიდენტის მიერ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელი ახალი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის.

„ბუნებაში არ არსებობს სამართლებრივი ნორმა უფლებამოსილების ცნობის შეჩერების თაობაზე. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ნორმა არის ის ნორმა, რომელიც ინდივიდუალურ ჩანაწერს შეეხება და გვარის არ მითითებას, თუ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი, ეს შეეხება ინდივიდუალურ სარჩელს კონკრეტული პირის მიმართ. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ 24 წლისაა რომელიღაც კანდიდატი და მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხთან დაკავშირებით, ცენზის გამო, შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციოში. ამის განზოგადება შეუძლებელია. სხვა ნორმა საერთოდ არ არსებობს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემებრს შეიტანა.