შურისძიებაა, მათეს პოლიციელისთვის ჯოხის გადარტყმას "ტენიან" - აქციაზე დაკავებულის მეგობრები
დაშინების მცდელობა - ასე აფასებენ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილეები მათე დევიძის დაკავების ფაქტს.
21 წლის ბიჭის მეგობრები ამბობენ, რომ დევიძეს ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს ურეკავდნენ და აშინებდნენ, რომ პროტესტში არ მიეღო მონაწილეობა.
აქტივისტის მეგობარი, რომელიც დაკავების თვითმხილველია, "პირველებთან" ჰყვება, რომ ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, იზოლატორი დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა გაირკვა, რომ უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ახლა კი სტუდენტს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება:
ერთ-ერთი ინციდენტის დროს, როცა ნიკა მელიას და სხვა მოქალაქეებს აკავებდნენ, გავიქეცით, შეხლა-შემოხლის ადგილისკენ, რომ ხალხს დავხმარებოდით. ამ დროს თვალსაწიერიდან დამეკარგა, რამდენიმე წუთში კი თვალი მოვკარი, რომ 4 პოლიციელი ცდილობდა, წაეთრია მანქანისკენ. მოვედი დასახმარებლად, ვერ ვუშველე, კიდევ 20 პოლიციელი მოვარდა, თან ურტყამდნენ, თან ახრჩობდნენ. ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და დღეს დილით გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართალზე, ედავებიან პოლიციელისთვის ზიანის მიყენებას - ჯოხი გადაარტყაო. 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რა თქმა უნდა, ეს შურისძიების მიზნით კეთდება, როგორც მარტის აქციებზე აირჩიეს ლაზარე, ყოფილიყო განტევების ვაცი და მოლოტოვის კოქტეილის სროლას "ტენიდნენ" ახლა, მათს "ტენიან" პოლიციელისთვის ჯოხის გადარტყმას. უნდათ, მათეთი დააშინონ მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ არჩევნებისთვის"- განაცხადა დაკავებულის მეგობარმა.
გომელაურის წუყებამ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავა. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.