ივანიშვილის დასანქცირება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება "ოცნების" ლიდერებისთვის - მორიგი მწვავე რეზოლუციის პროექტი EU-ში
"ქართული ოცნების" ლიდერების პერსონალურ სანქცირებაზე ევროპარლამენტში კიდევ ერთი პარტია საუბრობს - "პირველები" "ევროპის სახალხო პარტიის" სარეზოლუციო პროექტს გაეცნო, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ არის საუბარი.
EPP-ის სარეზოლუციო დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი მკაფიოდ არის ნახსენები, რომელიც ევროპარლამენტარების აზრით, შავ სიაში უნდა შევიდეს და ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ყველა აქტივი გაეყინოს.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პერსონალური სანქციები დაეკისროს თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საარჩევნო დარღვევებზე.
"ევროპის სახალხო პარტიის" რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე. ევროპარლამენტარები უვიზო რეჟიმის შეჩერებას არა ხალხისთვის, არამედ თანამდებობის პირებისთვის ითხოვენ.
ცნობისთვის, მანამდე კი "პირველებმა" მოიპოვა ევროპარლამენტში მოქმედი პოლიტიკური ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული სარეზოლუციო დოკუმენტის ერთ-ერთი ვერსია.
ევროპარლამენტარები, რომლებიც "განაახლე ევროპის" პოლიტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დასანქცირებას ითხოვენ.
ევროპარლამენტი რეზოლუციას მომავალ კვირას, 25-28 ნოემბრის ჩათვლით დაამტკიცებს.