შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიუწვევიათ

22.11.24 12:05
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიუწვევიათ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიუწვევიათ. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მომიწვევია. მოწვევები უკვე დავგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. რაც შეეხება ელჩებს, ისინი პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები. ეს გახლავთ ჩვენი შიდა, სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებსა და პარლამენტის პირველ სხდომას. მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის. ჩვენ ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქართული საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები. ეს არის ზოგადი მიდგომა, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტს ჰქონდეს. საქმე გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან კონსტიტუციური ორგანოების, პარლამენტის წევრები, მთავრობა. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 

„როგორც მოგეხსენებათ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ასევე, მოგეხსენებათ და ჩანს საჯაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, 12:00 საათზე.

პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა პროცედურები ჩატარდება პირველ დღეს:

„ცესკოს უკვე გამზადებული აქვს პარლამენტის არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები. ყველა წევრმა უნდა აიღოს ეს ცესკოსგან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმითვე, 25 ნოემბერს, დილის 11 საათიდან დაიწყება სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა წერილობითი რეგისტრაცია:

„11 საათიდან სხდომათა დარბაზთან დაიწყება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების გატარება, 12 საათზე კი დაიწყება სხდომა, რომელსაც გაუძღვება პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე“.

პარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგი კი, თავმჯდომარის თანახმად, ასეთი იქნება:

  • ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მოხსენება არჩევნების შედეგებზე;
  • მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტის/პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
  • შესვენება - რა დროსაც ყალიბდება ფრაქციები;
  • შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატების დასახელება და არჩევა;
  • მორიგი შესვენება, რა დროსაც ყალიბდება კომიტეტები;
  • განახლებულ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.