სააპელაციო ჩვენს სარჩელებს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილმა არჩევნები მიიტაცა - კუპრაძე
სააპელაციო სასამართლო გაყალბებული არჩევნების საქმეზე "ძლიერი საქართველოს" სარჩელებს ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ რეჟიმში განიხილავს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა სასამართლომ გადაწყვიტა, არ მოისმინოს კოალიციის მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია.
კუპრაძე დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო მორიგ ჯერზე დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც კიდევ ერთი დასტური იქნება, თუ როგორ მიიტაცა ივანიშვილმა 2024 წლის არჩევნები.
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აგრძელებს არჩევნების გაყალბებას და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში. დღეს 12 საათზე ლევან მურუსიძის სახელობის სააპელაციო სასამართლოში შედგება სხდომა, რომელიც უნდა ყოფილიყო საჯარო, უნდა ყოფილიყო და გვქონოდა შესაძლებლობა, რომ წაგვედგინა შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე ანუ შესაბამისი არგუმენტაციის მოსმენის გარეშე ჩაატაროს სხდომა მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლეების გარემოცვაში და მიიღოს კიდევ ერთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ეს მოსალოდნელია ის, სადაც ლევან მურუსიძის და ივანიშვილის ხელის ბიჭები არიან წარმოდგენილი. სასამართლო სისტემა დღეს, სამწუხაროდ, ისე ატარებს სხდომებს, რომ არ არსებობს შესაბამისი შესაძლებლობები ინფორმაციის, მტკიცებულებების მიწოდების და სამართლებრივი არგუმენტაციის. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ყველა ინსტანციაში იბრძოდა, საუბნო კომისიებიდან დაწყებული საოლქო კომისიებით გაგრძელებული, პირველი ინსტანცია და ამ ეტაპზე უკვე სააპელაციო სასამართლო, სადაც ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ წავდგეთ მტკიცებულებებით და სამართლებრივი არგუმენტაციით. იმის გამო, რომ მურუსიძემ და ივანიშვილმა გადაწყვიტეს, არ გაჟღერდეს შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია შემაჯამებელი ოქმის და არჩევნების ბათილობასთან დაკავშირებით, სხდომა იქნება დახურული, ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც არის კიდევ ერთი დასტური დანაშაულისა, როგორ ითვისებდა და მიიტაცა ივანიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.