"ეს კარგიც იქნება" - პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლით, 9 მილიონამდე ეკონომია გაკეთდება

22.11.24 13:25
"ეს კარგიც იქნება" - პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლით, 9 მილიონამდე ეკონომია გაკეთდება

აგერ მე და აგერ თქვენ, 25 ნოემბერი, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დღის მეორე ნახევარში და ვნახოთ ერთი, რამდენი დაწერს  განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ - პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არ სჯერა, რომ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის და პარლამენტში არ შევა.

პაპუაშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა პირიქით, კარგიც იქნება, რადგან მისი განცხადებით, ამით საკანონმდებლო ორგანო 9 მილიონამდე ლარის ეკონომიას გააკეთებს.

მათთვის არანაირ დამატებით ფულს მნიშვნელობა არ აქვს. მათ ის ხელფასიც აკმაყოფილებთ რაც პარლამენტის წევრს ექნება და ის დაფინანსება, რაც პარტიას ექნება და ამაზე არ იტყვიან უარს, უპირველეს ყოვლისა. იმიტომ, რომ ამას კარგავენ, თუკი მანდატებზე უარს იტყვიან. 

პარლამენტისთვის პირიქით, ეს კარგიც იქნება, რომ არ შემოვიდნენ. დაახლოებით 9 მილიონამდე ეკონომია ექნება პარლამენტს ამით", - ამბობს პაპუაშვილი  

პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე გახდა დღეს გახარიას გუნდიც. პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერის პარტია "ლეიბორისტებს" შეადარა. 

გახარია და საერთოდ ეს პარტია ძალიან აქტიურად იკავებს შალვა ნათელაშვილის და „ლეიბორისტული პარტიის“ ნიშას. მანდატზე უარს არ იტყვის, მაგრამ არ შევა - შალვა ნათელაშვილის მეთოდია", - განაცხადა პაპუაშვილმა.