აკაკი ბაქრაძის სახლიდან გადმოფენილი არჩევნების გაყალბების სიმბოლო - "ერთიანობის" აქცია-პერფორმანსი
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პერფომანსი - გიორგი ვაშაძემ და ლაშა ბაქრაძემ კოტე აფხაზის ქუჩაზე პუბლიცისტისა და მწერლის, აკაკი ბაქრაძის სახლის წინ თეთრ ნაჭერზე შავი საღებავით ჯერ წრე შეღებეს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოფინეს.
ლიდერების თქმით, თეთრ ფონზე შავი წრე გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა.
"ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლოდ გადაიქცა თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი და ეს დროშა ყველამ ფანჯრიდან გადმოფინოს" - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
„ გვინდა, რომ მთელს ქალაქში და შემდეგ უკვე მთელს ქვეყანაშიც ჩანდეს ის, რომ ადამიანებს აწუხებთ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის სიმბოლოდ თეთრ ნაჭერზე შავი წერტილი გადაიქცა. ჩვენი წინადადებაა, რომ ყველამ შეღებოს თეთრი ნაჭერი და გადმოფინოს ფანჯრიდან, როგორც დროშა. ადამიანები დაინახავენ, რომ ჩვენ ვართ ბევრი; რომ ეს საკითხი გვაწუხებს; რომ მარტო ერთ ადგილას კი არ ხდება აქცია, არამედ მთელს ქალაქში და ქვეყანაში“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.