მდინარაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია მანდატების დათმობას არ აპირებს
"ჩემი მოლოდინია, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს არ დათმობს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები "მანდატებს ვერ შეელევიან, რადგან თავადაც იციან, რა სისულელეს აპროტესტებენ".
ამასთან, მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ილეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება ინდივიდუალურ მოლაპარაკებას მართავდეს იმისთვის, რომ პარლამენტში მარტო არ აღმოჩნდეს, "ახალი ნარატივი" უწოდა.
ჩემი მოლოდინია, რომ ისინი საპარლამენტო მანდატებს არ დათმობენ. უკვე დაიწყო ახალი ნარატივის შემოტანა გახარიამ, როგორც 4 პარტიიდან ჯაშუშების პიონერმა. სხვათა შორის, დღეს შეცვალა საკუთარი პოზიცია ჯაშუშობასთან დაკავშირებით. მიხვდა რომ ჯაშუშობა თავისი ხელით დაამტკიცა და სხვას მოუწერა წინა წერილზე ხელი - ახლა თქვა, არაო. ცოტა სხვანაირი განცხადებები გააკეთა, მაგრამ მაინც პიონერი აღმოჩნდა ჯაშუშებს შორის.
რა „ტრიუკებსაც“ მიმართავდა შალვა ნათელაშვილი თავის დროზე, იმ „ტრიუკებზე“ დაიწყო მიმართვა და თქვა, რომ არა მანდატები შეიძლება არ დავთმოთ, მაგრამ პარლამენტში არ შევალთო. შალვა ნათელაშვილიც ამას აკეთებდა - მანდატებს არ თმობდა. ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ასეთი რამ გააკეთეს: შეგნებულად იცოდნენ, რომ იმ დროს დაწერილი განცხადებები არ იყო იურიდიული ძალის მქონე. მაშინ დაწერეს განცხადებები, რომ შემდგომ მართლა არ მოუწიოთ საპარლამენტო მანდატების დათმობა. თუ არ იციან ვასწავლით. როგორც კი ექნებათ უფლებამოსილების ცნობა, მაშინვე შეუძლიათ დაწერონ განცხადებები. ეს იქნება იურიდიული ძალის მქონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი მანდატების დატოვება. ამას არ აკეთებენ, არ აანონსებენ, რადგან მანდატებს ვერ ელევიან და თვითონაც იციან რა სისულელეს აპროტესტებენ - 300 ათასი ხმის გაყალბებას“,- განაცხადა მდინარაძემ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში არ გამორიცხა, რომ ილეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება შეეცდება ინდივიდუალურ, კულუარულ მოლაპარაკებას იმისთვის, რომ პარლამენტში მარტო არ აღმოჩნდეს და ოპოზიცია ჰყავდეს.