"პოლიტიკური დაკვეთაა" - ძიძიგური მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის პატიმრობაში დატოვებაზე
"პოლიტიკური დაკვეთაა" - ასე აფასებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ზვიად ძიძიგური 14 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის პატიმრობაში დატოვებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მმართველმა პარტიამ ახალგაზრდები სამაგალითოდ იმისთვის დასაჯა, რომ შვილების თაობაში თავისუფალი და დამოუკიდებელი ხმა ჩაახშოს.
გაიხსნება სასამართლო საქმეები და ერთ მშვენიერ დღეს მოსამართლეებს ეტყვიან, 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის შეიძლება 2 ბავბშვი წლობით ციხეში გაუშვა? ეს რით უნდა ახნა. როგორ უნდა ახსნა ეს, თუ არა ის, რომ დაგავალა მმართველმა პარტიამ. სამაგალითოდ დასაჯე ახალგაზრდები, რომ შემდეგში პრობლემები არ შემექმნას აქციების მიმართულებით. ეს ხომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური დაკვეთაა", - ამბობს ზვიად ძიძიგური.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესი, რომელიც ორჯერ გადადებული სხდომის შემდეგ დღეს განახლდა, ხმაურით მიმდინარეობდა.
ერთ-ერთი დაკავებულის, საბა მეფარიშვილის დედა სხდომაზე შეუძლოდ გახდა - მას გული წაუვიდა. რის შემდეგაც დაკავებული ცდილობდა დედასთან მისულიყო, თუმცა ბადრაგის დახმარებით, ის დარბაზიდან გაიყვანეს.
საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმე საზოგადოებაში 400-ლარიანი რკინის ჯებირის საქმით არის ცნობილი. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.