ჯო უილსონი: "მეგობარი აქტის" დადებითად გადასაწყვეტად ვმუშაობთ

23.11.24 11:31
ჯო უილსონი: "მეგობარი აქტის" დადებითად გადასაწყვეტად ვმუშაობთ

"მეგობარი აქტის" დადებითად გადასაწყვეტად ვმუშაობთ - ამის შესახებ კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა "ამერიკის ხმასთან" განაცხადა.

უილსონის თქმით, მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ "მეგობარი აქტი" საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს. სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ სამართლიანი არჩევნების თემა არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის, გამორჩეულად მნიშვნელოვანი საკითხია და შესაბამისად, ასე იქნება მისი ადმინისტრაციისთვისაც.

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. "მეგობარი აქტი" უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს.

მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში. ჩვენ წავიწევთ წინ... ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც "მეგობარი აქტი" კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს", - განაცხადა უილსონმა. 

ჯო უილსონი "მეგობარი აქტის" ავტორი და წარმდგენია. აქტი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონმა საქართველოში ე.წ. "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღების და ენტონი ბლინკენის მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინა. აქტი მოსახლეობის პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს", - განაცხადა უილსონმა.