ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული ოლიგარქია დამარცხდეს - ნადირაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძეც შეუერთდა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატორული რეჟიმის დამყარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე "პუტინის რუსეთის კვალდაკვალ მოქმედებს".
"ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში შეიქმნას სინერგია, რომელიც რუსულ ოლიგარქიას დაამარცხებს" - თქვა ირაკლი ნადირაძემ.
ფაქტია, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა რუსული დიქტატორული რეჟიმი და ის მოქმედებს პუტინის რუსეთის კვალდაკვალ, ამ ქვეყანაში დარჩა ერთადერთი გზა, ეს არის ქუჩის პროტესტი. ამაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებს. დღეს მოვედით აქ, რადგან სოლიდარობა გამოვუცხადოთ სტუდენტებს. დღეს აქ პოლიტიკოსები არავინ არ ვართ, დღეს ვართ როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივრები, რომელთაც რუსეთში ცხოვრება არ გვინდა. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას სინერგია, რომელიც რუსულ ოლიგარქიას დაამარცხებს", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
"არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს" - ამ წუთებში, თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია იწყება. თბილისის ცენტრალურ გამზირზე ახლა ის მოქალაქეები და ოპოზიცური პარტიის წევრები იკრიბებიან, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა უწვეტი პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა.
ცოტა ხანში, პოლიტიკოსები სიტყვით გამოსვლებს დაიწყებენ და კიდევ ერთხელ აუხსნიან თანამოაზრეებს, რატომ არის საჭირო დღეს ქუჩაში ერთმანეთის გვერდში დგომა. თსუ-ს აუდიოტირებს პროტესტის რეჟიმში გადასული სტუდენტები ამაგრებენ, უნივერსიტეტის ეზოში კი მათ ახალგაზრდები სოლიდარობას უცხადებენ.