"ვარდების რევოლუციიდან 21 წლის შემდეგ, ისევ იმ იდეისთვის გვიწევს ბრძოლა, რასაც ევროპული, თავისუფალი სახელმწიფო ჰქვია" - ბოკუჩავა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვარდების რევოლუციიდან 21 წლის გასვლის შემდეგაც კი ქართველ ხალხს იმ იდეისთვის უწევს ბრძოლა, რასაც თავისუფალი ქართული სახელმწიფო ეწოდება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღეს საზოგადოება გმირთა მოედანზე მოპარული ხმების დასაბრუნებლად და "ქართული ოცნების" პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იმყოფება.
ვარდების რევოლუციიდან 21 წლის შემდეგ, ისევ იმ იდეისთვის გვიწევს ბრძოლა, რაც არის ევროპული, თავისუფალი, ქართული სახელმწიფო. ამ არჩევნების მიტაცებით ივანიშვილმა, მათ შორის, ვარდების რევოლუციის იდეა, თავისუფალი არჩევანი, ევროპული მომავალი მოგვპარა. ამ ყველაფრის დასაბრუნებლად ვიმყოფებით ჩვენ დღეს აქ, სადაც ასევე არიან კოალიციური პარტნიორები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც არ ეგუებიან მიტაცებულ არჩევნებს", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
აქციამ თსუ-დან გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს და ადგილზე კარვები გაშალეს. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გმირთა მოედანი 22:00 საათამდე გადაიკეტება. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ოპოზიცია დღეს საღამოს მოქალაქეებს მოკლევადიან გეგმასაც გააცნობს. სისტემის გამოფიტვა, არაღიარება და იზოლაცია სანქციებით - ეს არის სამ-პუნქტიანი ფორმულა, რომლითაც პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სისტემა ჩამოიშლება. ახლა, პროდასავლურ ოპოზიციას პირველი რიგის ამოცანად მიაჩნია საპროტეტო მუხტის გაზრდა 25 ნოემბერს, დილის ცხრა საათზე საქართველოს პარლამენტთან.