ექსკლუზივი: სირაძის რუსული ბიზნესი, კავშირები რუს ოლიგარქთან და საქართველოში აღმოჩენილი მდიდრული სასახლე
აღმოჩენილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ძმის სახელზე რეგისტრირებული 6 კომპანია და დიდძალი ქონება - "შაბათის ეთერმა" საქართველოს გადაზიდვების კომპანიის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მოიპოვა, რომლის თანახმად, ვაჟა სირაძის ძმა, საქართველოში გადაზიდვების ბიზნესს ფლობს.
- კომპანიის წილის 15 % თემურ სირაძე, 85 % კი რუსეთის ხელისუფლების ბიზნეს ელიტასთან დაახლოებული რუსეთის მოქალაქე, მარატ შაიდაევს ეკუთვნის.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ოჯახის წევრის ბიზნესპარტნიორი, შაიდაევი რუსეთის თავდაცვის აკადემიის კურსანტი და ნოვოროსისკის პორტის ექს-შეფია.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყველაფერი ასე დაიწყო:
- 2022 წლის 6 ივნისს საქართველოში მოქალაქე ნინა ჯაფარიძე ტვირთების გადაზიდვის კომპანიას აფუძნებს, რომლის 100% წილის მფლობელი თავად ხდება. კომპანიის დირექტორიად ნინა ჯაფარიძე, რუსეთის მოქალაქეს ელდარ ომაროვს ნიშნავს.
გადაზიდვების კომპანიის 100% იანი წილის მფლობელს, "შაბათის ეთერმა" მცხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ სილამაზის სალონში მიაგნო. ნინა ჯაფარიძე არა ტვირთების გადაზიდვის ბიზნესით დაკავებული ქალი, არამედ სალონის თმის ღებვის ოსტატი აღმოჩნდა. მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ნინა ჯაფარიძემ დაფუძნებიდან ხუთ თვეში, ტვირთების გადაზიდვის ბიზნესის წილი - საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ძმას და რუს მილიონერს აჩუქა.
"შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომიდან რამდენიმე თვეში, რუს მილიონერთან ერთად დაფუძნებული, ტვირთების გადაზიდვის კომპანია ვაჟა სირაძის ოჯახმა, თმის ღებვის ოსტატის სახელზე გადამალა. რეალურად, ამ კომპანიას სირაძის ძმა პირველივე დღიდან მართავდა.
საგულისხმოა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - სადამფუძნებლო შეთანხმების შედგენისას ვაჟა სირაძის ძმა, თემურ სირაძე კომპანიის დირექტორს და დამფუძნებელს ეხმარებოდა და თარჯიმნის როლს ასრულებდა.
- ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სირაძე - შაიდაევის კომპანიის საქმიანობის სფერო ტრანსპორტირება და დასაწყობებაა.
ეს ყველაფერი არ არის, "შაბათის გუნდმა" დაადგინა, რომ რუსეთს მმართველ ელიტასთან დაახლოებულ, მილიონერს მარად შაიდევს სავარაუდოდ, 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებული წესით მისცეს.
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ძმის სახელზე 6 კომპანიაა რეგისტრირებული - საჯარო რეესტრის მონაცემებით, პირველი - თემურ სირაძემ 2017 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო. რუსი ოლიგარქის ბიზნესპარტნიორი კი 25 წლის ასაკში გახდა.
"შაბათის ეთერმა" მუხათწყაროში თემურ სირაძის სახელზე რეაგისტრირებულ ახალდაშენებულ რეზიდენციასაც მიაგნო.