აქციაზე დაკავებული ქალი პოლიციას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქე ნათია ძიძიგური ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავების მანქანაში სექსუალურად შეავიწროვეს.
განცხადება მან “ფორმულას” ეთერში გააკეთა - ქალი აღნიშნავს, რომ ის დაკავების შემდეგ იზოლატორამდე მთელი გზა მუხლებზე დაყენებული ატარეს:
ჩემი დაკავება ძალიან მოულოდნელად მოხდა, მე ვიმყოფებოდი ტროტუარზე და დავინახე დაკავების მანქანაში მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, რეზი დუმბაძეს, თმებში ექაჩებოდნენ და 10 პოლიციელი კისერში ექაჩებოდა და როდესაც დავინახე ეს ფაქტი, უბრალოდ პოლიციელთან მივედი და ვუთხარი, ნუ აკავებთ-მეთქი.
ერთ-ერთი პოლიციელი, ვინც დაკავებამდე ჩემი მისამართით გამოირჩეოდა ძალიან აგრესიულად, როგორც კი დამინახა, გადმოვიდა ეგრევე გინებაზე, მაგინებდა და ასე ჩამსვა დაკავების მანქანაში. დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექსუალური შევიწროება.
დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექსუალური შევიწროება. ისინი დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და მომმართავდნენ. მანქანაში მუხლებზე დამაყენეს, მიუხედავად იმისა, რომ უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა [და ადგილი იყო]. მე ვთხოვდი რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა ეს არ გააკეთეს. მივმართავდი, რომ დამსვით სავარძელზე, უსაფრთხოების წესების დარღვევით ვმოძრაობ-მეთქი, მაგრამ რეპლიკები მოდიოდა, ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ, ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთო… თუმცა მთელი გზის განმავლობაში მე მუხლებზე ვიდექი”, - აცხადებს ძიძიგური.
მისივე თქმით, დაკავებუს ოქმის შედგენისას მის დამკავებლად პოლიციის ქალი ინსპექტორი ჩაწერეს, რაც ტყუილია. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციის მხრიდან მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების გაპროტესტების შემდეგ, ის პოლიციის მაღალჩინოსანმა კაცმა დააკავა და შეაგინა კიდეც.
"მათი სახეების იდენტიფიცირება შემიძლია, ასევე შემიძლია იმ პოლიციელის იდენტიფიცირებაც, რომელმაც დამაკავა. აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ თვითონ განყოფილებაში ოქმი, ვინც შემიდგინა, დამკავებელ პირებში ჩაწერეს პატრულ-ინსპექტორი ქალის სახელი და მე დამაკავა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. მისი ფოტოც მაქვს. ჯერ ჩემი სასამართლოც არ ყოფილა და უკვე ცრუ მოწმე დამიყენეს", - თქვა ძიძიგურმა.